გერმანული ავიახაზები "ლუფთანზა" ორშაბათიდან კიევსა და ოდესაში ფრენებს წყვეტს. ინფორმაციას კომპანიის სპიკერი ავრცელებს. მისი თქმით, ფრენების გაუქმების მიზეზი უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შიშია.
კომპანია ორშაბათამდე რამდენიმე ბოლო რეისს შეასრულებს და ორშაბათიდან, თებერვლის ბოლომდე ფრენებს კიევსა და ოდესაში აღარ განახორციელებს.
ფრენები კვლავ იქნება დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სადაც რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ უკვე გადაიტანა თავისი საელჩოები კიევიდან. "ლუფტანზა" მუდმივად აკვირდება მოვლენებს და სხვა ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს, აცხადებს კომპანია.
"ლუფტანზა" პირველი ავიაკომპანია არ არის, რომელმაც კიევში ფრენები შეწყვიტა. აქამდე რამდენიმე ევროპულმა ავიახაზმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.
ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება გერმანულმა ავიახაზებმა შაბათს მიიღო. შაბათსვე, გერმანიამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დატოვონ უკრაინა.