რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზებით გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთეს კრემლშიც. "სიტუაციის გადაუდებლობის გათვალისწინებით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია გააქტიურდეს გამოსავლის დიპლომატიური გზებით მონახვა. ეს კი საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პოლიტიკური მრჩევლების საშუალებით უნდა მოხდეს ნორმანდიის ფორმატში", - ნათქვამია განცხადებაში.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალი დღეების განმავლობაში ერთმანეთს შეხვდებიან. ისინი შესაძლო სამიტზე იმუშავებენ, რომელშიც უკრაინის, რუსეთისა და მოკავშირეების მაღალი დონის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართულები. სამიტის მიზანი ევროპაში ახალი უსაფრთხოების შექმნა უნდა იყოს, - ამბობენ ელისეის სასახლეში.
დღეს სატელეფონო ზარი განხორციელდა საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორისაც. მაკრონმა და ზელენსკიმ განიხილეს დეესკალაციის უზრუნველყოფის შესაძლო გზები.