შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს ლუიზიანის შტატში ჩაიდის, რათა ქარიშხალ “იდას” მიერ გამოწვეულ ზიანს გაეცნოს და შტატის და ადგილობრივ ლიდერებს გაესაუბროს. ხუთშაბათს კი ის სიტყვით გამოვა და მისი ადმინისტრაციის გეგმაზე ისაუბრებს, რომელიც ქარიშხლის საპასუხო ღონისძიებებს შეეხება.
“იდა” მეხუთე ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიას დაატყდა თავს. ქარიშხალმა კვირას, ლუიზიანას დაარტყა. ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრი იყო და სავარაუდოდ ათობით მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია წყალდიდობით, ქარით და სხვა ზიანით, მათ შორის - ელექტროქსელის გათიშვით.
ქარიშხალმა “აიდამ” მთავარი ელექტროგადამცემი ანძა წააქცია, ათასობით კილომეტრი ელექტროსადენი და ასობით ქვესადგური გათიშა. შტატ მისისიპიში 1 მილიონზი მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ახალი ორლეანი გარკვეული დროის განმავლობაში სრულად სიბნელეში დარჩა. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ოთხშაბათს დაიწყო.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ საკიმ თქვა, რომ ბაიდენი ლუიზიანას “არავითარ შემთხვევაში” არ ეწვევა, თუ მისი იქ ყოფნა სამაშველო ძალისხმევიდან ყურადღების გადატანას გამოიწვევს.
ლუიზიანის გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა მიანიშნა, რომ ეს ვიზიტი პრეზიდენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა ნგრევის აღსაქმელად, ზიანის მოცულობა თავადვე ნახოს.
Facebook Forum