შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დღეს ამერიკელებს მიმართავს და სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში კოვიდ-19-ის პანდემიის საშიშროებებზე ისაუბრებს.
ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ერთი დღით უსწრებს მადლიერების დღეს, როცა მილიონობით ამერიკელი ამ დღესასწაულს ოჯახთან ერთად აღნიშნავს, რისთვისაც ხშირად მოგზაურობს კიდეც.თუმცა წელს, კოვიდ-19-ის გამო, ფედერალური მთავრობა მოსახლეობას სთხოვს მოგზაურობისგან და დიდი თავშეყრებისგან თავი შეიკავონ.
ბაიდენის გარდამავალი ოფისის ინფორმაციით, ის „ისაუბრებს საერთო მსხვერპლზე, რომლის გაღებაც ამერიკელებს უწევთ ამ სადღესასწაულო სეზონზე და ისაუბრებს იმაზე, რომ მიმდინარე კრიზისიდან ერთად გამოსვლა შეგვიძლია და გამოვალთ.“
სამშაბათს არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა გაუძღვეს მსოფლიოს და არა უკან დაიხიოს მისგან.“ ამით ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლოზუნგიდან - „ამერიკა პირველ რიგში“ - მკვეთრი გადახვევის შესახებ მიანიშნა.
ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ამერიკა „მზად იქნება მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს და მოკავშირეები არ უარყოს... და მზად ვიქნებით ჩვენი ღირებულებები დავიცვათ.“
ბაიდენმა უკვე გამოაცხადა, თუ ვინ დაიკავებს მისი კაბინეტის რამდენიმე საკვანძო პოსტს. ბაიდენის თქმით, ეს ადამიანები „არა მხოლოდ შეაკეთებენ, არამედ ახალ იდეებს შემატებენ ამერიკულ საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას მომდევნო თაობისთვის. ისინი მე მეტყვიან რის ცოდნა მჭირდება და არა იმას, თუ რის გაგება მინდა.“
Facebook Forum