შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს იმიგრაციის საკითხებზე რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას გამოსცემს. ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლას ისახავს მიზნად.
ტრამპის აღმასრულებელმა ბრძანებებმა დიდი გავლენა იქონია ამერიკის საიმიგრაციო სისტემაზე. გართულდა პროცესი მექსიკიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელ ოჯახებისთვის. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დროს შეიზღუდა H1-B, J1 და L1 ტიპის ვიზების გაცემა. დაწესდა შეზღუდვები მწვანე ბარათის გაცემაზეც.
ამას გარდა, ბაიდენი ქმნის საგანგებო დანიშნულების ჯგუფს, რომელიც საზღვარზე იმიგრანტ მშობლებს თვეების მანძილზე ჩამოცილებულ ბავშვებს, ოჯახებთან გაერთიანებაში დაეხმარება. ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ცვლის მისი წინამორბედის მიერ იმიგრანტების მიმართ, მექსიკის საზღვარზე გატარებულ "ნულოვანი ტოლერანტობის" სტრატეგიასაც.
საბოლოო ჯამში, ბაიდენი დღეს სამი ბრძანების ხელმოწერას გეგმავს. ეს შეეხება ლეგალურ იმიგრაციას, რეგიონულ მიგრაციას და მექსიკის საზღვარზე ოჯახების გაერთიანებას.
სპეციალისტების შეფასებით, ტრამპის პერიოდის რეგულაციებმა გაცილებით გაართულა ამერიკაში არამარტო არალეგალურად, არამედ ლეგალურად იმიგრირების პროცესიც. თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ძნელი იქნება მექსიკასთან საზღვარზე დაცილებული ოჯახების გაერთიანება და რომ ამას დიდი დრო დასჭირდება.
აქამდე ბაიდენმა იმიგრაციის საკითხებზე 6 ბრძანებულება გამოსცა. გასულ კვირაში, კონსერვატორული ჯგუფების სასამართლოში ჩივილის შედეგად, აქედან ერთი, დეპორტაციის 100 დღით გადავადების განკარგულება, დროებით შეჩერებულია.
Facebook Forum