ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო პეკინს ეწვევა


ბელარუსის პრეზიდენტი და პუტინის მოკავშირე ალექსანდერ ლუკაშენკო მიმდინარე კვირაში პეკინს ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ეს იმ ფონზე, როცა აშშ-ში იზრდება შეშფოთება იმის შესახებ, რომ ჩინეთის შესაძლოა რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას განიხილავდეს.

ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, ლუკაშენკო პეკინს სამშაბათს ეწვევა და იქ ხუთშაბათამდე დარჩება, თუმცა ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

მინსკი მოსკოვის მტკიცე მხარდაჭერია და ერთი წლის წინ, კრემლს საშუალება მისცა საკუთარი ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოეყენებინა.

ჩინეთში დაგეგმილ ლუკაშენკოს ვიზიტს წინ უსწრებდა ამერიკელი ოფიციალური პირების გაფრთხილება პეკინის მიმართ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ, რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მძიმე შედეგები მოჰყვება.

კვირას, ტელეკომპანია „სი-ბი-ესთან“ საუბრისას, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ „დარწმუნებულნი ვართ, ჩინეთის ლიდერები, [რუსეთისთვის] ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავენ“. მისი თქმით, ამგვარი დახმარების აღმოჩენა „ძალიან სარისკო და არაგონივრული“ ნაბიჯი იქნება.

თუმცა, ბერნსი ამბობს, რომ ვაშინგტონი ჯერჯერობით „ვერ ხედავს პეკინის მიერ საბოლოო გადაწყვეტილებას“, ამასთან ვერ ხედავს “ლეტალური აღწურვილობის მიწოდებას.“

პეკინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს, მარამ ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან „მეგობრობას ლიმიტები არ აქვს“. ამასთან, პეკინი უარს ამბობს გააკრიტიკოს კრემლი უკრაინაში შეჭრის გამო და მიმდინარე მოვლენებს შეჭრასაც არ უწოდებს. საპირისპიროდ, პეკინი დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

პეკინმა პარასკევს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება წარმოადგინა. პრეზიდენტი ზელენსკი პეკინის ინიციატივას სიფრთხილით მიესალმა, მაგრამ თქვა, რომ წარმატება ქმედებებზე იქნება დამოკიდებული და არა სიტყვებზე.

XS
SM
MD
LG