სპეცილურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა 22 თვის განმავლობაში წარმოებული გამოძიება დაამთავრა და “კონფიდენციალური ანგარიში” ამერიკის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს პარასკევ საღამოს გაუგზავნა.
მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის, სავარაუდო, კავშირებს იძიებდა.
ბარმა მალერის მიერ გაგზავნილი ანგარიშის 4 გვერდიანი შეჯამება კონგრესს გაუგზავნა და მისი ტექსტი გაასჯაროვა. წერილში გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ანგარიშის შესწავლას აგრძელებს, მაგრამ სჯერა, რომ “საჯარო ინტერესში შედის ანგარიშის აღწერა და იმ ძირითადი დასკვნების და გამოძიების შედეგების შეჯამება, რომლებამდეც სპეციალური გამომძიებელი მივიდა.”
ბარის თქმით, სპეციალურმა გამომძიებელმა მალერმა და მისმა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლეს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წევრების და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ რუსეთის მთავრობასთან 2016 წელს წინასაარჩევნო შეთქმულებაში მონაწილეობის თაობაზე არსებული ბრალდებები. მალერმა, ასევე შეისწავლა ფედერალური გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებიც.
წერილში ბარი ამბობს, რომ მალერის თქმით გამოძიებაზე 19 იურისტი, გამოძიების ფედერალური ბიუროს 40 აგენტი, დაზვერვის ანალიტიკოსები, ბუღალტერ-კრიმინალისტები და სხვა პროფესიის ადამიანი მუშაობდა. გამოძიების განმავლობაში მათ 2800-ზე მეტი ჩვენების მიცემის მოთხოვნის სანქცია გასცეს, 500-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს და 500-ზე მეტი მოწმე დაკითხეს.
ბარის თქმით, მალერის ანგარიში არ აკეთებს დამატებითი ბრალის წაყენების რეკომენდაციებს.
მალერის ანგარიშის შეჯამებაში წერია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და მისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ პირებს შეგნებულად არ ჰქონიათ გარიგება რუსეთთან საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში.
ბარი გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს, რომ მალერის გამოძიება პრეზიდენტ ტრამპს არც ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და არც მის დამნაშავეობას ადასტურებს.
ბარის წერილში ასევე ნათქვამია, რომ მალერის მიერ შეგროვებული მასალა საკმარისი არ არის იმის დასადგენად, ეცადა თუ არა პრეზიდენტი მათლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას.
გამოძიების მსვლელობისას მალერმა ბრალდებები წაუყენა ოცდაათზე მეტ ადამიანს და იურიდიულ პირს. ამ მომენტისთვის, არცერთი ეს საქმე პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ან რუსეთის მთავრობის ოფიციალურ პირებთან რაიმე სახის გარიგების ქონას.
Facebook Forum