ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებული ჟურნალისტების მხარდაჭერის გამო, ბაქო დასავლელ ელჩებს იბარებს


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბაქომ, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა, რათა ოფიციალური პროტესტი გამოთქვას, მედია სააგენტოს მხარდასაჭერად „არალეგალური ფინანსური ტრანზაქციების“ გამო. დამოუკიდებელი საგამოძიებო მედია სააგენტოს სამი თანამშრომელი, აზერბაიჯანში, გასულ კვირას დააკავეს.

დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა “Abzas Media-ს თანამშრომლებს, 21 ნოემბერს, კონტრაბანდის ბრალდებით ოთხთვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყების განცხადებით, ბაქოში მდებარე გამოცემის ოფისებში, 40 000 ევრო აღმოაჩინეს. სამი დაკავებულიდან, ორმა წაყენებული ბრალდება უარყო, მესამეს კი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ სამშაბათს გავრცელებული განცხადების მიხედვით, დიპლომატებს უთხრეს, რომ მათმა საელჩეობმა და „ამ ქვეყნებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა“, “Abzas Media”-ს ფინანსური მხარდაჭერით, უკანონო ქმედება ჩაიდინეს.

ბაქოს ბრალდებების დამდასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუგენია.

დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან აზერბაიჯანის ურთიერთობები სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბაქომ, ძალის გამოყენებით, სრულად დაიბრუნა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონი. ამას, ტერიტორიიდან ეთნიკური სომხების გასვლა მოჰყვა.

ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა, აზერბაიჯანის თავდასხმა გააკრიტიკა, სომხეთს კი ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერა შესთავაზა.

სამშაბათს ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ სომხეთის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „სერიოზულად დააზიანა“.

ამასთან, სამშაბათს, აზერბაიჯანის პოლიციამ, კიდევ ერთი ონლაინ გამოცემა „Kanal 13”-ის ხელმძღვანელი, აზიზ ორუჯევი დააკავა.

ორუჯევის ადვოკატის განცხადებით, მას ბრალი უნებართვო მშენებლობის საქმეზე წაუყენეს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ორუჯევი უარყოფს ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დევნა, მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯგუფები, “Abzas Media”-ს თანამშრომლების დაკავებას, მათ მიერ მომზადებულ ანტიკორუფციულ რეპორტაჟებს უკავშირებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, 180 ქვეყანას შორის, აზერბაიჯანს 151-ე ადგილზე აყენებს.

XS
SM
MD
LG