ავსტრია იტალიის საზღვართან შემოწმების სპეციალურ პუნქტებს იღებს. ქვეყანა 20 სხვა ევროპულ სახელმწიფოსთან 16 ივნისიდან მიმოსვლაზე საკარანტინო შეზღუდვებს მოხსნის. ამის შესახებ ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
ავსტრიაში განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი მეზობელი გერმანიიდან ჩადის, რომელთანაც საზღვრები უკვე გახსნილია. ავსტრიის მიერ საზღვრების გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ავსტრიელებისთვისაა, რომლებიც იტალიიდან თუ ხორვატიიდან ან ზაფხულის გასატარებლად წასულები სხვა ქვეყნებიდან დაბრუნდებიან და 14-დღიანი კარანტინის გავლა თუ კოვიდ-19-ზე ტესტის ჩატარება არ დასჭირდებათ.
"ჩვენ ვხსნით ავსტრიის საზღვრებს ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებისთვის. იქნება მხოლოდ 4 მნიშვნელოვანი გამონაკლისი - შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია", - განაცხადა შალენბერგმა პრეს-კონფერენციაზე.
რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყანა საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოს აპირებს, სწორედ ამიტომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა შესაძლოა ორმხრივად, 1 ივლისიდან აღდგეს. თუმცა სხვა ქვეყნების შესახებ ზუსტი თარიღები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და მინისტრი ბრიტანეთსა და შვედეთში ინფიცირებულთა მაღალ მაჩვენებლებზე მიუთითებს.
ავსტრიამ, რომელიც 8 ქვეყანას ესაზღვრება გასულ კვირას ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან გახსნა საზღვრები, გარდა იტალიისა, რითაც ოფიციალური რომი განარისხა. ახალი ნაბიჯი დაძაბულობას შეამცირებს, თუმცა მინისტრი კვლავ დასძენს, რომ ლომბარდიის რეგიონში მოგზაურობაზე "ცალმხრივი გაფრთხილება" არსებობს.
Facebook Forum