ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"როდის დაბრუნდება ჩემი ქმარი შინ?" - პუტინის საარჩევნო კამპანიის შტაბბინაში ჯარისკაცების ცოლები მივიდნენ


რუსი ჯარისკაცის ცოლი გასულ უქმეებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიის სათავო ოფისში მივიდა და იქ მისი ქმრის შინ დაბრუნება მოითხოვა. უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის კრიტიკა ქვეყანაში კვლავ უკანონო და აკრძალული ქმედებაა.

"ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომ ჩემი ქმარი იქ უნდა იყოს. მაინტერესებს, როდის გამოსცემს განკარგულებას იმის შესახებ, რომ ჩემი ქმარი შინ უნდა დაბრუნდეს", - ასე მიმართა მარია ანდრეიევამ კამპანიის თანამშრომლებს.

მალევე ის აქტიურ დისკუსიაში ჩაერთო სხვა ქალთან, რომელიც მას არწმუნებდა, რომ მისი ქმარი და სხვა რუსი ჯარისკაცები უკრაინაში საკუთარ სამშობლოს იცავენ და მათთვის ლოცვაა საჭირო.

"რა არის შემდეგი ნაბიჯი? თავდაცვის სამინისტრომ მთელი მისი თანხები დახარჯა, ახლა ყველაფერი უნდა გამოვწუროთ ამ ჩვენს ბიჭებს, მათ სიცოცხლეც უნდა გამოვაცალოთ? იმისთვის, რომ ჩვენთან კიდურების გარეშე დაბრუნდნენ?" "ვინ დაბრუნდება უკან? კაცი მკლავების, ფეხების გარეშე, ავადმყოფი კაცი. არ იცით რა ხდება აქ?", ამბობდა ანდეიევა.

პუტინის საარჩევნო კამპანიის ოფისში ქალების მცირე ჯგუფი იყო მისული. გაერთიანებას "გზა შინისკენ" ჰქვია და ის ჯარისკაცების ცოლებისგან შედგება, რომლებიც რუსი ჯარისკაცების შინ დაბრუნებას ითხოვენ. თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკმაყოფილო მოქალაქეთა, განსაკუთრებით კი ჯარისკაცების ოჯახის წევრთა განწყობები უფრო და უფრო ხშირად ვლინდება.

ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, გასული წლის სექტემბერში 300 000 რეზერვისტის მობილიზება მოხდა. კრემლი ამბობს, რომ სავალდებულო მობილიზაციის საჭიროება არაა, რადგან ასობით ათასი მოქალაქე ჯარში ნებაყოფლობით, კონტრაქტორადაც წავიდა.

XS
SM
MD
LG