კალიფორნიის ჩრდილოეთში კვლავ ცეცხლი მძვინვარებს. შტატში ცეცხლის ათეულობით კერაა გაჩენილი. ამ დროისთვის, ცნობილია სულ 3 გარდაცვლილის შესახებ. მესამე მსხვერპლი სან-ფრანცისკოს ყურის, სოლანოს ოლქის მცხოვრები, სამოქალაქო პირია. დაღუპულთა შორის არიან წყნარი ოკეანის გაზისა და ელექტროენერგიის კომპანიის თანამშრომელი, რომელიც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა და ხანძრისჩამქრობი ვერტმფრენის ერთ-ერთი პილოტი, რომელიც ავიაკატასტროფაში მოყვა.
გუბერნატორი გავინ ნიუსომი აბობს, რომ ეს ხანძრები კლიმატის ცვლილების ნათელი მაგალითია. მან დემოკრატთა ეროვნულ ყრილობას სწორედ ცეცხლმოკიდებული ხანძრის სიახლოვეს მდებარე საევაკუაციო ცენტრის ტერიტორიიდან მიმართა.
"ვაღიარებ, არ ველოდი, რომ ამაღამ ამ ადგილიდან მომიწევდა საუბარი. თუკი, კლიმატის ცვლილების არ გჯერათ, ჩამოდით კალიფორნიაში", - ამბობს ის ტელემიმართვაში. როგორც მისი ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს, ნიუზომმა ვიდეო მანამდეც მოამზადა, რომელიც ამდენად დრამატული არ იყო, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ კონვენციის მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან საათებში საჩვენებლად, ის ვიდეო შტატის ახლანდელ კატასტროფას საკმარისად არ ასახავდა.
კალიფორნიაში ცეცხლის ოცზე მეტი კერა უპრეცედენტო ჭექა-ქუხილის შემდეგ გაჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში 11 000-მდე მეხი ჩამოვარდა. ცეცხლმა 175 ნაგებობა გაანადგურა, მათ შორის სახლები. საფრთხე ემუქრება 50 000-მდე ნაგებობას. ამ ეტაპზე 33 ადამიანი, სამოქალაქო პირი თუ მეხანძრეა დაშავებული. ცნობილია, რომ სულ მცირე, ორი ადამიანი დაიკარგა.
ცეცხლი ძირითადად შტატის ჩრდილოეთში ვრცელდება, დაახლოებით 1250 კვ.კმ-ის ფართობზე. მოიცავს სასოფლო სამეურნეო დასახლებას და სან-ფრანცისკოს შემოგარენ ტყეს. კვამლი და ფერფლი სან-ფრანცისკოს ცენტრალურ ნაწილში, სანაპირომდე აღწევს. ცეცხლს 10 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, მაგრამ ყველა სახანძრო ტეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნით. მეხანძრეთა უმეტესობა 24-საათიანი მორიგეობის ნაცვლად, 72-საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს. შტატმა უკვე მოითხოვა 375 სახანძრო მანქანისა და თანამშრომლების დამატება.
Facebook Forum