ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წელს, შეერთებულ შტატებში კონფედერაციის სულ ცოტა 160 სიმბოლო ჩამოხსნეს


ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერიში დაფუძნებული “სამხრეთის სიღატაკის იურიდიული ცენტრის” თანახმად, 2020 წელს, კონფედერაციის სულ მცირე 160 სიმბოლო ჩამოხსნეს ან საჯარო ადგილებიდან სხვაგან გადაიტანეს. ეს ორგანიზაცია 2015 წლიდან, როდესაც თეთრი რასისტი სამხრეთ კაროლინის ეკლესიაში შევიდა და ცხრა შავკანიანი მლოცველი მოკლა, ადევნებს თვალყურს მოძრაობას, რომელიც ისტორიული მონუმენტების მოცილებას ისახავს მიზნად. სამშაბათს მათ გამოაქვეყნეს ბოლო ციფრები თავის მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც “ვისი მემკვიდრეობა?” ჰქვია. ცენტრს აღრიცხული აქვს თითქმის 2100 ქანდაკება, სიმბოლო, წარწერა, შენობა და საჯარო პარკი, რომელიც კონფედერაციას ეძღვნება.

მომავალში, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის სტუმრებს და ტურისტებს ვირჯინიის შტატის წარმომადგენელ, გენერალ რობერტ ლის ქანდაკების ნაცვლად, რომელიც ქანდაკებების დარბაზში 111 წლის განმავლობაში იდგა, 16 წლის შავკანიანი გოგონას, ბარბარა ჯონსის გამოსახულება დახვდება. 1951 წელს, თავის სეგრეგირებულ სკოლაში არათანაბარი პირობების გამო ჯონსმა გაფიცვა მოაწყო. მისმა ქმედებამ უზენაესი სასამართლოს საკვანძო გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა, რომელიც მთელ ქვეყანაში საჯარო სკოლების ინტეგრირებას მოითხოვდა.

ცენტრის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არის კონფედერაციის 704 მონუმენტი და ზოგიერთი მათგანის აღება შესაძლოა რთული იყოს, განსაკუთრებით ალაბამაში, ჯორჯიაში, მისისიპიში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში და ტენესიში, სადაც შტატების კანონმდებლებმა ამ მონუმენტების დასაცავი კანონები მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG