ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ადამიანები, რომლებიც მონუმენტებს და ფედერალურ საკუთრებას აზიანებენ, უნდა დააპატიმრონ. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც დემონსტრანტებმა თეთრ სახლთან ახლოს პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ქანდაკების ჩამოგდება სცადეს.
პოლიციელის მხრიდან შავკანიანი მამაკაცის, ენდრიუ ფლოიდის მიმართ ძალის გამოყენების და შედეგად მისი გარდაცვალების მერე, ამერიკა ანტირასისტულმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დემონსტრანტების ნაწილი სამოქალაქო ომის დროინდელი იმ ისტორიული პირების და მმართველების ძეგლებს აზიანებს, რომლებიც კონფედერაციის მხარეს იბრძოდნენ. დემონსტრანტები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მონობის მომხრეების, ან მონათმფლობელთა მონუმენტების აღებას ითხოვენ.
საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება ქალაქ სიეტლში იყო. აქ აქტივისტებმა ცალკე ავტონომიური ზონაც შექმნეს, სადაც კვირების განმავლობაში იკრიბებოდნენ და პოლიციის სისასტიკეს და უთანასწორობას აპროტესტებდნენ. ზონას "კაპიტოლიუმის ბორცვის ავტონომიური ზონა დაარქვეს". თუმცა სიეტლის პოლიცია ბოლო პერიოდში ამ ტერიტორიებზე მომხდარი ორი სროლით შეშფოთებულია და 6 კვარტლისგან შემდგარი ტერიტორიის "დაშლას" გეგმავს. სროლას ერთი თინეიჯერი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაიჭრა.
სიეტლის მერი ჯენი დურკანი ამბობს, რომ ქალაქის ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ ეს ზონა დაშალოს და პოლიციამ ამ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინოს. "ჩვენ ამას მშვიდობიანად და ახლო მომავალში გავაკეთებთ", - ამბობს ის. დურკანმა ძალადობა დაგმო და მას მიუღებელი უწოდა.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სიეტლში შექმნილ ზონას და დემონსტრაციებზე გამოსულ აქტივისტებს ანარქისტები მართავენ.
Facebook Forum