შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის დასაფინანსებლად განკუთვნილ ყოველწლიურ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუ ამ დოკუმენტში ჩადებული იქნება მოთხოვნა, ამერიკულ სამხედრო ობიექტებს შეეცვალოს სახელები, რომლებიც ამერიკის კონფედერაციის შტატებს პატივს მიაგებენ.
ტრამპმა თავისი უარყოფითი პოზიცია კიდევს ერთხელ სამშაბათ ღამით, “ტვიტერის’ შეტყობინებით გაავრცელა, რომელშიც გაიმეორა ხშირად გაჟღერებული დამაკნინებელი ეპითეტი დემოკრატი სენატორის, ელიზაბეთ უორენის მიმართ.
პრეზიდენტის “ტვიტში” ეწერა: “ვეტოს დავადებ თავდაცვის დაფინანსების კანონპროექტს თუ იქ იქნება ელიზაბეთ “პოკაჰონტას” უორენის (ყველა ხალხის!) შესწორება, რომელიც ფორტ ბრეგის, ფორტ რობერტ ე. ლის და ბევრი სხვა სამხედრო ბაზის, რომლებიდანაც ორ მსოფლიო ომში გავიმარჯვეთ, სახელის გადარქმევას (და სხვა ცუდ რამესაც) გამოიწვევს.”
ტრამპის “ტვიტის” შესაბამისად, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების უფროსმა ჩად ვოლფმა ოთხშაბათს თქვა, რომ სააგენტოს ძალების კოორდინაციისთვის, ამერიკული თემების დამცავ სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიულ მონუმენტებს, მემორიალებს, ძეგლებს და ფედერალურ ობიექტებს დაიცავს.
ვოლფმა თქვა, რომ მისი სააგენტო “პასუხობს პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავებმა ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაიცვან. ჩვენ უმოქმედოდ არ გავჩერდებით, როდესაც მოძალადე ანარქისტები და არეულობების მონაწილეები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სიმბოლოების ვანდალურ განადგურებას, არამედ ჩვენს თემებში კანონის და წესრიგის დარღვევას და ქაოსის დათესვას ცდილობენ.”
ვოლფმა თქვა, რომ 4 ივლისის, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნის წინ, სამართალდამცავებს წინასწარ ამზადებს, რათა “მთელ ქვეყანაში, ობიექტების და ქონების წინააღმდეგ პოტენციურ საფრთხეებს გაუმკლავდნენ.”
მან თქვა, რომ შდა უსაფრთხოების დეპარტამენტი “პატივს სცემს ყველა ამერიკელის უფლებას გამოთქვას მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ ძალადობას და სოციალურ არეულობას არ მოითმენენ.”
გასულ თვეში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უორენის შესწორებას 25 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესწორება პენტაგონს მოუწოდებს სამი წლის ვადაში აღმოაჩინოს და სახელი გადაარქვას ნებისმიერ ბაზას, ქუჩას, თვითმფრინავს, იარაღს და სხვა “ქონებას”, რომელიც ახსენებს კონფედერაციას, შტატების ჯგუფს, რომელსაც მონათმფლობელობის შენარჩუნება სურდა და 1860 წელს სამოქალაქო ომში დამარცხებამდე ქვეყანას გამოეყო.
თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ და არმიის მდივანმა რაიან მაკარტიმ მიანიშნეს, რომ ბაზების სახელების შეცვლის იდეა მათთვის მისაღებია. სახელების შეცვლის ზოგიერთი მომხრე წინადადებას იძლევა, რომ ყოველ ამერიკულ სამხედრო ბაზას, ომში გამოჩენილი გმირობისთვის ღირსების მედლით დაჯილდოებულების სახელები დაერქვას.
კონფედერატების სამხედრო პირების სახელები აქვთ, ფორტ ბენინგს, ფორტ ბრეგს, ფორტ ჰუდს და ფორტ პიკეტს.
ამ საკითხმა კიდევ ერთხელ წამოიწია მთელ ქვეყანაში გამართული პროტესტების ფონზე, რომელიც 25 მაისს, პოლიციის მეურვეობაში მყოფი აფრო-ამერიკელის გარდაცვალებას მოჰყვა.
ბევრ ქალაქში, პროტესტების სამიზნე კონფედერაციის ფიგურების ძეგლები გახდა. ზოგიერთი ძეგლი მოაცილეს, მათ შორის კონფედერაციის პრეზიდენტის, ჯეფერსონ დეივისის ძეგლი, რომელიც ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში იყო აღმართული. ასევე მთავარი გენერლის, რობერტ ლის ძეგლი, რომელიც ალაბამის შტატში, მონტგომერიში იყო აღმართული.
ავტორბოლების პოპულარულმა “ნასკარის” სერიამ კი თვის ყველა ღონისძიებაზე კონფედერაციის დროშების გამოჩენა აკრძალა.
Facebook Forum