ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი აზიურ ტურნეს იწყებს, ჩინეთი ტაივანზე მისი შესაძლო ვიზიტის გამო გაფრთხილებას გამოთქვამს


ორშაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სინგაპურიდან დაიწყო აზიური ტურნე, რომელიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ჩინეთმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ პელოსი გადაწყვეტს ეწვიოს თვითმმართველ კუნძულ ტაივანს, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მისი სამხედრო ძალები „უმოქმედოდ არ გაჩერდება“.

იმ დროს, როდესაც არსებობს ფართოდ გავრცელებული ვარაუდები, პელოსი ტაივანსაც ეწვევა თუ არა, კვირას მისმა ოფისმა გამოაცხადა, რომ ის უხელმძღვანელებს კონგრესის დელეგაციას, რომელიც ეწვევა სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეას და იაპონიას. განცხადებაში ტაივანი ნახსენები არ იყო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი „ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ იქნება და გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა ამან „ძალიან სერიოზული განვითარება და შედეგები“ მოიტანოს.

კითხვაზე, თუ ჩინეთის არმიამ რა სახის ზომებს შეიძლება მიმართოს, პრეს-მდივანმა თქვა „თუ ის წასვლას გაბედავს, მოვიცადოთ და ვნახოთ რა იქნება“.

ჩინეთი აშშ-ის ოფიციალური პირების ტაივანში ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას. ვაშინგტონს ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ აქვს, მაგრამ ამერიკას კანონით კუნძულის უსაფრთხოების გარანტირების ვალდებულება აქვს.

გასულ ხუთშაბათს, სატელეფონო საუბრის დროს, ჩინეთის პრეზიდენტმა თავისი ამერიკელი კოლეგა გააფრთხილა, რომ ვაშინგტონმა „ერთი ჩინეთის პრინციპით“ უნდა იხელმძღვანელოს და „ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან, ცეცხლითვე დაიღუპებიან“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგა ში ძინ პინს უთხრა, რომ ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა და სტატუს-ქვოს ცალმხრივად შეცვლის მცდელობებს ან ტაივანის სრუტის გარშემო მშვიდობის და სტაბილურობის ძირის გამოთხრას ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG