ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები „სუპერ-სამშაბათისთვის“ ემზადებიან


ყველაზე დიდი მასშტაბის პრაიმერში 10 შტატი იღებს მონაწილეობას

შეერთებულ შტატებში პრაიმერების სეზონი ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. 4 დარჩენილი რესპუბლიკელი კანდიდატი ხვალ კენჭს ყველაზე დიდ პრაიმერში იყრის, რომელიც მასშტაბის გამო „სუპერ-სამშაბათის“ სახელწოდებითაა ცნობილი. საქმე იმააშია, რომ აღნიშნულ შიდაპარტიულ არჩევნებში წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთდროულად 10 შტატი იღებს მონაწილეობს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ წელს „სუპერ-სამშაბათი“ ორი წამყვანი კანდიდატისთვის, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის - მიტ რომნისთვის და პენსილვანიის ყოფილი სენატორის -რიკ სანტორუმისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. იმაზე, თუ რით დამთავრდება წლის პრაიმერების უდიდესი მოვლენა, დიდად არის დამოკიდებული რესპუბლიკური პარტიის საბოლოო ნომინაციის ბედი.

მიტ რომნი ცდილობს საარჩევნო სტრატეგია უკანასკნელ 3 შტატში მოპოვებულ გამარჯვებებს დააფუძნოს და საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო რბოლის წამყვანი ფიგურის იმიჯი დაუმკვიდროს.

მონაწილეობას ამ არჩევნებში იმიტომ ვიღებ, რომ საკუთარი ხალხისადმი ამერიკის დანაპირები განვამტკიცო. პირობა, რომელიც აქ მყოფ თითოეულ ადამიანს ნათელი მომავლის, წარმატების და თავისუფლების იმედს აძლევდა და იმ რწმენას უმყარებდა, რომ ამერიკა დედამიწაზე კვლავაც უდიადეს სახელმწიფოდ დარჩება“ - განაცხადა მან.

რომნის მიაჩნია, რომ მას გამარჯვება მასაჩუსეტში, საკუთარ შტატში, სადაც ის წლების მანძილზე გუბერნატორად მსახურებდა, თითქმის გარანტირებული აქვს. ის ასევე დიდ იმედებს ამყარებს ვერმონტზე და ვირჯინიაზე, სადაც ბიულეტენზე მოხვედრის უფლება მასთან ერთად მხოლოდ ტეხასელმა კონგრესმენმა, რონ პოლმა მოიპოვა.

თუმცა, რესპუბლიკელთა წამყვან კანდიდატს დანარჩენ შტატებში რიკ სანტორუმის მხრიდან სერიოზული კონკურენცია ელის. სპეციალისტების აზრით სანტორუმის კოზირია ტენესი, ოკლაჰომა და განსაკუთრებით კი ოჰაიო, სადაც უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით სანტორუმი რომნის წინ უსწრებს. სანტორუმის მთავარი საბრძოლო სტრატეგია პრაიმერების დაწყების დღიდან არ შეცვლილა. პენსილვანიელი სენატორი ცდილობს დაარწმუნოს რესპუბლიკელები, რომ ის მიტ რომნისგან განსხვავებით ჭეშმარიტი კონსერვატორია:

გამარჯვების ფორმულა უკეთესი იდეების ქონაში და რესპუბლიკელთა ბირთვის მეტად მოტივირებაში მდგომარეობს. მთავარია უტყუარობა და ჭეშმარიტი იდეები; აუცილებელია ხასიათში გქონდეს ამერიკის რწმენა და მის შესახებ საუბარს დამაჯერებლად შესძლებ“ - აცხადებს რიკ სანტორუმი.

უიმედოდ არც ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი არიან. გინგრიჩს მშობლიური შტატის, ჯორჯიის მოგების იმედი აქვს, რონ პოლს კი შედარებით მცირე ზომის შტატებში, აიდაჰოში, ალასკაზე და ჩრდილოეთ დაკოტაში აქვს წარმატების შანსი.

პოლიტიკური სტრატეგიების ექსპერტმა მათიუ დოუდმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „სუპერ-სამშაბათი“ მოულოდნელობებით სავსე რესპუბლიკელთა რბოლაში მეტ ნათელს შეიტანს. ყოველ შემთხვევაში რომნის მართლაც აქვს შანსი მოწინავე კანდიდატის სტატუსი დაიმკვიდროს:

მან ჯერ კონსერვატორთა ხმები უნდა მოიპოვოს. შემდეგ იპოვოს მომგებიანი პოზიტიური მესიჯი და მის ირგვლივ მთელი პარტია გააერთიანოს“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ჯენიფერ ლოლესი, ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის ექსპერტი ამბობს, რომ გადამწყვეტი საკითხი „სუპერ-სამშაბათის“ პრაიმერებზეც ეკონომიკა იქნება. „განსაკუთრებით ეს ოჰაიოს შტატს ეხება, რადგან იქ ეკონომიკური კრიზისის დროს მოქალაქეები საწარმოების დახურვის გამო ისევე დაზარალდნენ, როგორც მიჩიგანში“ - აღნიშნავს ის.

სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხმები ხვალაც თითქმის თანაბრად გადანაწილდება და რესპუბლიკელებს შორის ლიდერი გარკვევით არც ამჯერად გამოიკვეთება. ჯერჯერობით რომნის 180 დელეგატის ხმა აქვს მოგროვებული. ნომინაციის დასაკუთრებისთვის კი მას 1, 144 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება. „სუპერ სამშაბათს“ კანდიდატები 437 დელეგატის ხმის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

XS
SM
MD
LG