ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში შეკრებილმა არაბული ლიგის წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში დამკვირვებელთა მისიის გაფართოების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
დახურულ კარს მიღმა გამართული დებატების შემდეგ ლიგის გადაწყვეტილებით დამკვირვებელთა რაოდენობა სირიაში 165-დან 300-მდე გაიზრდება. ამას გარდა დამკვირვებლები ქვეყანაში დარჩებიან მანამ, ვიდრე იქ ეროვნული თანხმობის მთავრობა არ ჩამოყალიბდება და ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ-თანის, განცხადებით ხანგრძლივ დებატებს არაბული ქვეყნების საგარეო უწყებათა ლიდერებს შორის მხოლოდ გულახდილი საუბრის ფორმა ჰქონდა და მათ შორის განხეთქილებაზე არ მიუთითებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიაში კრიზისი შემდეგი სისხლისღვრის და ეკონომიკური ზარალის გარეშე უნდა შეწყდეს.