ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთიდან ქართველებმა ნახევარი მილიარდი დოლარი გადმორიცხეს


ქართველი შრომითი მიგრანტების მიერ 2011 წლის მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ, თითქმის 813 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტზე მეტია.

ეკონომიკური კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში“ ნათქვამია, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რიცხვში დგას.

ყველა განვითარებად ქვეყანაში შრომითი მიგრანტების გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ აღემატება. კვლევის მიხედვით, ასეთი ტიპის ფულადი გზავნილების მიმღები საქართველოს მოსახლეობის 9 პროცენტზე მეტია.

2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გადმორიცხვების ოდენობა თითქმის 20 პროცენტით არის გაზრდილი. საქართველოში შემოსული ყველა ფულადი გზავნილის 65 პროცენტი რუსეთზე მოდის. ანუ რუსეთიდან ქართველმა მიგრანტებმა 528 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.

შემდეგ მოდიან საბერძნეთი, იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები ექვს-ექვსი პროცენტით, ასევე თურქეთი, ესპანეთი და უკრაინა.

ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორი ვლადიმერ უგულავა ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება იმ ქვეყნებში, საიდანაც ქართველი მიგრანტები ფულს აგზავნიან საქართველოს ეკონომიკაზე ავტომატურად აისახება:

„საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე იღებს ამ დახმარებას, ეს ფულად გზავნილები არის ქვეყნის მშპ-ს 6 პროცენტი, საგადამხდელო დეფიციტის ნახევარი! საკმაოდ დიდი ციფრია და ქართული ეკონომიკა უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად გზავნილებზე საკმაოდ დამოკიდებულია.

მუშახელი საკმაოდ ბევრია წასული, საუბარი ნახევარ მილიონ შრომისუნარიან მოქალაქეზე, რომლებიც იქ მუშაობენ და შემდეგ ფულს სამშობლოში აგზავნიან. ეს კი საქართველოს მთლიანი მუშახელის თითქმის 25 პროცენტია.

ის კრიზისი, რომელიც ემუქრება ევროპას, თუ უფრო ღრმად განვითარდება, განსაკუთრებით, საბერძნეთსა და იტალიაში, საკმაოდ დაეტყობა ქართულ ეკონომიკას. საბერძნეთიდან და იტალიიდან მთელი გადმორიცხვების ექვს-ექვსი პროცენტი მოდის. ასევე თუ კრიზისი რუსეთზეც გავრცელდა, ეს უფრო დაეტყობა საქართველოს.“

კვლევის ავტორები ფულადი გზავნილების მნიშვნელობის გასაცნობიერებლად ხაზს უსვამენ, რომ შრომითი მიგრანტების გზავნილები საქართველოში შემოსული გრანტებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებს თითქმის ორნახევარჯერ აღემატება.

ეს ერთის მხრივ, ქვეყნის საგარეო დაფინანსებას მრავალფეროვანს ხდის, თუმცა მეორეს მხრივ, ფულად გზავნილებზე ადგილობრივი მოთხოვნის მატებას, იმპორტის კიდევ უფრო გაზრდამდე და ექსპორტის კლებამდე მივყავართ. ამასთან, უცხოური ინვესტიციებისგან განსხვავებით გზავნილისთვის უკუნაკადები დამახასიათებელი არ არის.

ბოლო სამი წლის მანძილზე შრომითი მიგრანტების გამოგზავნილი თანხა, საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებზე მეტია. 2009 წელს საქართველოში მიგრანტებმა 841 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, უცხოურმა ინვესტიციებმა კი 658 მილიონი დოლარი შეადგინა; 2010 წელს - მიგრანტების გამოგზავნილი თანხა 940 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ინვესტიცია - 814 მილიონი.

2011 წლის 9 თვის მონაცემებით კი მიგრანტების გამოგზავნილი თანხა (813 მილიონი) ინვესტიციებს (643) უკვე 170 მილიონი დოლარით აღემატება. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს

„მაშინ როცა ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში წინ მიიწევს, ვგულისხმობ იგივე Fitch-ის და სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების გაკეთებულ პროგნოზებს. ასევე Doing Business–ის მაჩვენებლებს, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა საქართველო, ამის მიუხედავად, ბიზნესის კეთებას საქართველოში ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს და მათ შორის, ერთ-ერთი არის ძალიან ბევრ ბიზნეს-სეგმენტში კონკურენციის შეზღუდულობა, ასევე ჩაკეტილი ბაზარი რუსეთთან.

ჩვენი ხელსაყრელი პირობებით, იგივე თავისუფალი ეკონომიკური ზონებით, აზიური და ევროპული კომპანიები შეიძლება დაინტერესდნენ იმ შემთხვევაში თუ რეგიონალური ბაზარი იქნება გახსნილი.

დღეს როცა რუსეთის ბაზარი ისევ ჩაკეტილია, მხოლოდ უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება ნაკლებ მიმზიდველი იყოს აქ ინვესტიციების ჩადება. ამ პირობების ერთობლიობა საბოლოო ჯამში არის ის, რამაც ჩვენთან უნდა გაზარდოს ინვესტიციები.“

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონ ადამიანს აღწევს. ეს ციფრი ისევე როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი, პირდაპირ კავშირშია საქართველოში დასაქმების პრობლემასთან.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 16 პროცენტის ფარგლებში მერყეობს და ქვეყნის მაშტაბით 330 ათასს ადამიანს არ აღემატება. ამ მონაცემებს არ ეთანხმებიან დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფები

გასულ წელს ჩატარებულ ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, უმუშევრობა ყველაზე სერიოზული პრობლემა იყო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სექტემბრის კვლევის მიხედვით, უმუშევრობა საქართველოს ნომერ პირველ პრობლემად გამოკითხულთა 62 პროცენტმა დაასახელა.

XS
SM
MD
LG