რუსეთის გადაწყვეტილებამ, წლის ბოლომდე აკრძალოს მარცვლეულის ექსპორტი, საქართველოში პური გააძვირა. აგვისტოს დასაწყისიდან, პურის ფასმა 5-დან დან 15 თეთრამდე მოიმატა. ფასის ეს ზრდა საბოლოო არ არის და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულები, საქართველოს მთავრობა, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასში შემოიტანს ხორბალს.
აქამდე, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 95 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოიდიოდა. მოსკოვის რადიკალური ნაბიჯი, მთავრობას აიძულებს ხორბალი უკრაინაში, ყაზახეთში, კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინოს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ადასტურებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში პურის ფასს კიდევ უფრო გაზრდის
„ჩვენ ნაპოვნი გვყავს ალტერნატიული მომწოდებლები. ესენი არიან - ყაზახეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. ახლა ყველაფერს განაპირობებს ფასი, თუ რა ფასში შევძლებთ, ჩვენ, საქართველოში ხორბლის იმპორტს.
ამ მომენტისთვის, საკმარისი ოდენობის ხორბლის მარაგი გვაქვს. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა, ხორბლის დეფიციტი განაპირობებს კრიზისს და ფასთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებს.
ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო. თუმცა, რუსეთის გადაწყვეტილება, აკრძალოს მარცვლეულის ექსპორტი, დიდ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს, უფრო მეტიც - ევროპის ქვეყნებსაც.“
ხორბლის შესაძლო დეფიციტზე, პურის ქართულ ბაზარს მყისიერი რეაქცია ჰქონდა. თუ აგვისტომდე, ერთი ტომარა პურის ფქვილი, საშუალოდ 34 ლარი ღირდა, როგორც კი, რუსეთის გადაწყვეტილება მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით გაცხადდა, წისქვილ-კომბინატებმა ფქვილის ფასი ასწიეს.
დღეს თბილისში, რუსთავში, თელავსა და ფოთში, მდებარე წისქვილ-კომბინატებში 50 კილოგრამი ფქვილი უკვე 39-40 ლარი ღირს. საინტერესოა, რომ ახლა, საქართველო ძველ მარაგს, ანუ, ძველი ფასით, შეძენილ იმპორტულ ხორბალს იყენებს, თუმცა პურის ფასის შენარჩუნება მაინც ვერ ხერხდება.
უკიდურესად მემარცხენე, ლეიბორისტულმა პარტიამ, პურის ფასის შეგნებულ ზრდაში, მმართველ ნაციონალურ მოძრაობას დასდო ბრალი და პურის ბიზნესში, ერთ-ერთ მონოპოლისტად ნაციონალი პარლამენტარი არჩილ გეგენავა დასაახელა, თუმცა, რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ კერძოდ თქვა
„პურზე ფასის ზრდა გამოწვეულია, ამ სფეროში, სახელისუფლო, ბიზნეს-მონოპოლისტი ბანდიტების მოქმედებით. კერძოდ, ერთ-ერთი მსხვილი პურის მწარმოებელი კომპანია „კოლხი“ ეკუთვნის, პარლამენტის ნაციონალ წევრს, მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, სააკაშვილის კარის ბიზნესმენს - არჩილ გეგენავას, რომლის კომპანიაც განსაზღვრავს ბაზარზე პურის ფასის გაძვირებას.“
სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ნოემბრამდე პურის ფასის დღევანდელ ნიშნულზე შენარჩუნება მოხერხდება. ამ კვირაში, ფოთში რუსეთიდან და ყაზახეთიდან ჯერ კიდევ, 15 აგვისტომდე, ძველ ფასში, შეძენილი 40 ათასი ტონა ხორბალი შემოვა, ეს მარაგი საქართველოს კიდევ სამი თვე უნდა ეყოს. მეხორბლეთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს
„გზაში არის კიდევ 40 ათასი ტონა ხორბალი, რომლის შემოსვლას ველოდებით, დაახლოებით, ერთ კვირაში. ეს ხორბალის ნაყიდია 15 აგვისტომდე გაფორმებული ძველი კონტრაქტებით, როგორც რუსეთში, ისე ყაზახეთში. ანუ, მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით, ათ დღეში, საქართველოში იქნება ორი-სამი თვის სამყოფი ხორბლის მარაგი, უფრო მეტიც.“
ცალკე თემაა პურის ხარისხი. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ, მიმდინარე წელს, რამდენჯერმა განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული პურის ხარისხის გამო უხეშად ირღვევა მომხმარებელთა უფლებები.
ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ეჭვს იწვევს პურის არა მარტო ხარისხი, არამედ, წონაც, რისი სტანდარტიც ქვეყანაში არ არის. საქართველოში, ასევე, არ არსებობს ამ სფეროში აკრედიტირებული სპეციალური ლაბორატორია.
შესაბამისად, შეუძლებელია პურის ხარისხის დადგენა. ეს კი ხელს უწყობს პურის მწარმოებელს, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. პურის ნომერ მესამე ქარხნის დირექტორი ლაშა ნაროუშვილი ამბობს
„თუ ფქვილის ფასი კიდევ მოიმატებს, შესაბამისად პურის ფასიც კიდევ გაიზრდება. ის ქარხნები, ვისაც ორიენტაცია აქვს პურის ხარისხზე და სურს, რომ მაღალი ხარისხის პური მიაწოდოს მომხმარებელს, ისინი გაზრდიან ფასს.
ზოგიერთებმა შეიძლება პურის წონა შეამცირონ და ხარისხი გააუარესონ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ეს უკვე თვითონ ქარხნებზეა დამოკიდებული, ყველას საკუთარი სტრატეგია აქვს და გადაწყვეტილებას ამ სტრატეგიის მიხედვით ღებულობენ.“
რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი, მოსავლის განახევრების გამო აკრძალა, რაც რუსეთში არსებულმა, რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ გამოიწვია. რუსეთის გადაწყვეტილებას, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასის პანიკური ზრდა მოჰყვა.
საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 850 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ქართული ხორბლის მოსავლის პროგნოზი წელს, მხოლოდ 50 ათასი ტონის ფარგლებშია.
საიდან და რა ფასად განხორციელდება 800 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. შესაბამისად, უცნობია, საბოლოოდ, რამდენად გაძვირდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი - პური, პურისმჭამელებით დასახლებულ საქართველოში.