საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცი წლის თავზე 30 იანვარს თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას და მის ქართველ კოლეგას შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრა ასევე პირველია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
ამერიკის პრეზიდენტმა ქებით მოიხსენია საქართველოსთან სამხედრო სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა. ობამამ შეხვედრის შემდეგ პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ საქართველომ დიდი დანაკლისი ნახა ავღანეთში დისლოცირებულ ჯარისკაცებს შორის.
აღსანიშნავია, რომ მედიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, რუსეთთან არსებულ დაძაბულობასა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების სურვილზე.
პრესასთან გაკეთებულ განცხადებებში, პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების თანხვედრა ვარდების რევოლუციიდან მერვე წლისთავთან.
ობამამ ასევე თქვა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია საჯარო ინსტიტუტების განვითარებით და ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, პოლიციისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მნიშვნელობის გაცნობიერებით. ამერიკელი ლიდერის სიტყვებით, ამ [ფაქტს] უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში დღევანდელი თაობისა და მომავალი თაობების აღზრდისთვის.
წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას, ობამამ დააკონკრეტა რომ აშშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოელის, რაც ხელისუფლების ფორმალურ გადაცემას უზრუნველყოფს. ეს კი თავის მხრივ ცვლილებების და მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი მომავალ წელს თანამდებობას დატოვებს და მოხარულია იმით რასაც ქვეყანამ დღემდე მიაღწია. მან დასძინა, რომ არჩევნების გზით საქართველო უფრო მრავალფეროვან და პლურალისტურ სისტემად ჩამოყალიბდება.
ქართველმა ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო პროგრესის კონსოლიდაციას მოახდენს და რომ ეს შეუქცევადი პროცესია. „საქართველოს ვერაფერი დააბრუნებს არადემოკრატიული, კორუმპირებული, რეტროგრადი პოლიტიკური ფიგურების ხანაში„ -თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისა“ და სხვა გავლენიანი ყოველდღიური გამოცემების ფურცლებზე სააკაშვილის ოპონენტის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სრული გვერდი დაეთმო. ოპოზიციონერის თქმით, საქართველო ახლა გზაჯვარედინზე იმყოფება ერთპარტიულ ავტორიტარიზმსა და ჭეშმარიტ დემოკრატიას შორის. ივანიშვილმა სააკაშვილს ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების სათავეში დარჩენის მცდელობაში დასდო ბრალი.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ლიდერები მოერიდნენ პირდაპირ მინიშნებას რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობაზე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლნენ.
სააკაშვილმა ხაზგასმით მიუთითა "ყველა სფეროში" ამერიკის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის პოზიტიურ როლზე, თავდაცვის სფეროს ჩათვლით, და პარტნიორ ქვეყანას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვისთვის.
ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს. მათ შორის არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის მხარდაჭერა, რაც მარტში, ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტის ერთერთი თემა იქნება.