ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკაშვილისა და ობამას შეხვედრას ექსპერტები აფასებენ


საკაშვილისა და ობამას შეხვედრას ექსპერტები აფასებენ
საკაშვილისა და ობამას შეხვედრას ექსპერტები აფასებენ

კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი ფიქრობს, რომ ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ხანმოკლე მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„ჩემი აზრით, ეს იქნება ორი პრეზიდენტის უმაღლესი დონის, საკმაოდ ხანმოკლე მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს ოვალურ დარბაზში მათი პირველი შეხვედრაა. აქამდე სააკაშვილი ვაშინგტონში არაერთხელ ყოფილა ობამას ადმინისტრაციის დროს, თუმცა დღეს ეს პირველად მოხდება თეთრ სახლში. დღეს, მგონია, რომ ოვალურ დარბაზში რამდენიმე საკითხი გაიჟღერებს: პრეზიდენტი ობამა საქართველოს მადლობას ეტყვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მოლაპარაკებების დროს გაწეული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის რუსეთის გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ბარაკ ობამა აუცილებლად წამოჭრის რუსეთის ფაქტორსა და წელს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების საკითხს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების გადაცემის თემას და დაინტერესდება მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ--პოლიტიკაში ნომერ პირველ ადამიანად დარჩება თუ ღირსეულად დატოვებს პოლიტიკურ სცენას.“

ჩვენს მომდევნო შეკითხვაზე თუ რამდენად შეუწყობს ხელს რეფორმატორული საარჩევნო კოდექსი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით და სამართლიან პირობებში ჩატარებას, თომ დე ვაალი გვპასუხობს:

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონმდებლობა არ არის არც ძალიან ცუდი მაგრამ არც კარგი. მმართველი ელიტა ყველანაირად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ამის უზრუნველყოფას საკანონმდებლო ბაზით გეგმავს. იმავდროულად, მმართველ მოძრაობას დემოკრატიული იმიჯის შექმნა აღელვებს და შესაბამისად, ის ცდილობს დასავლური მხარდაჭერაც და ექსპერტების დადებითი შეფასებები მოიპოვოს საარჩევნო ადმინისტრაციასა თუ წინასაარჩევნო ეტაპთან დაკავშირებით.

ჩემი რწმენით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თავად პროცესის წარმართვა, ის თუ როგორ ჩაივლის არჩევნები რეგიონებში, რამდენად მიეცემა მედიას საშუალება თავისუფლად დაფაროს არჩევნები, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების პრობლემატიკა და როგორი იქნება ელექტორატის აქტივობა.“

ჩვენი მეორე რესპონდენტი რომელსაც შეხვედრის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ არის ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი.

რას ელის იგი დღევანდელი შეხვედრიდან და უკვე ცნობილი საკითხების გარდა, რა თემებს დაუთმობენ ლიდერები დროს?

კორტნი: „ყველაზე მთავარი რასაც ობამამ უნდა გაუსვას ხაზი ამ შეხვედრისას, არის საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა. დასავლეთში ამჟამად არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ საქართველო ერთპარტიული დემოკრატიის განვითარების რისკის წინაშე დგას. ამას, დამკვირვებლები შიშობენ, რომ ჯანსაღი ზეგავლენა ვერ ექნება ქვეყნის განვითარებაზე,და რამაც შესაძლოა საზოგადოების იმედგაცრუება ან გამორიცხული არ არის სულაც დაძაბულობა წარმოშვას.

ამასთან, მინდა ვთქვა რომ საქართველო არის რა მრავალეთნიკური ქვეყანა, სახელმწიფო სადაც ასევე დიდი განხსხვავებებია ურბანულ და სოფლად მცხოვრებ მოსალხეობას შორის, მნიშნვლოვანია, რომ არსებობდეს ღია, გახსნილი პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება ყველა ადამიანს ქონდეს. ასევე, ამერიკაში მიუღებელი იქნება რომელიმე ლიდერმა ის რომ მოინდომოს, რაც რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა მოინდომა და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. საქართველოში ანალოგიური სცენარის განვითარების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზრდება ერთპარტიული სახელმწიფო მმართველობის რისკი, რამაც შესაძლოა საქართველოსადმი ვაშინგტონის დამოკიდებულებაში ცვლილება გამოიწვიოს.“

ქართული დემოკრატიის მიღწევები და გამოწვევები ბატონმა კორტნიმ ასე დაახასიათა:

„ბოლო დრომდე, ქართული სახელმწიფოებრივი განვითარება, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთის გამოკლებით, ბევრ პოზიტიურ ელემენტს შეიცავდა. გამოწვევა, რომელიც ყველა აღნიშულ ქვეყანას ერთნაირად ახასიათებდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაკლებობა და მათი უმოქმედობა ელექტორატის მოსაზიდად. ჩემი აზრით ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტია ერთი კონკრეტული ადამიანის გარშემო ვითარდება, და არა საზიარო იდეებით ან საერთო ინტერესებით აკავშირებს ადამიანებს. შესაბამისად, არსებობს ერთპარტიული სახელმწიფოს განვითარების საშიშროება ან არადა ძალაუფლების დრამატული შეცვლის შესაძლებლობა.

ქვეყანაში, სადაც ნაკითხი, განათლებული ადამიანები ცხოვრობენ მოქალაქეები პოლიტიკურ პარტიებში ინტერესების შესაბამისად ერთიანდებიან. ვიმედოვნებ რომ საქართველოში სწორედ ასე განვითარდება მოვლენები“.

XS
SM
MD
LG