ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ემზადებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის?


როგორ ემზადებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის?
როგორ ემზადებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის?

საარჩევნო ადმინისტრაციამ მომავალი არჩევნებისთვის მზადება 2010 წლის 30 მაისის არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო.

საქართველოში საპარალამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო-ს) თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება:

”საარჩევნო ადმინისტრაციამ მომავალი არჩევნებისთვის მზადება 2010 წლის 30 მაისის არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეგმა, უახლოესი 3 წლის განმავლობაში, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ და ჩვენ ვმუშაობთ ამ გეგმის მიხედვით. ჩვენ გაგვაჩნია ყველა რესურსი, ადამიანური, ფინანსური თუ დროითი, რომ ოქტომბრის არჩევნებს შევხვდეთ მომზადებული და ჩავატაროთ არჩევნები ისე, როგორც ეკადრება ქართულ საზოგადოებას”.

ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცსკოს მიერ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება იმისთვის, რომ არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობა იყოს მაქსიმალურად მაღალი. საპარლამენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკური სუბიქტის თანაბარი პირობებით სარგებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი.

აქტიური საარჩევნო კამპანია საქართველოში, ალბათ, ზაფხულიდან დაიწყება, არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” ემზადება. 2011 წლის ბოლო დღეებში მოძრაობაში შეიქმნა 9 თემატური ჯგუფი, რომლებიც, მათივე განცხადებით 2012 წლის პირველივე დღეებიდან იმუშავებენ ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების, განათლების, ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და სპორტის საკითხებზე. კონფლიქტების მოგვარების ჯგუფს გია ვოლსკი უხელმძღვანელებს. კითხვაზე, რას გეგმავს ” ქართული ოცნება”, კონფლიქტების მოგვარების ჯგუფი ახალი წლიდან, გია ვოლსკი ამბობს, რომ პირველ რიგში გეგმავენ ყველა იმ კონცეფციის ავტორთან შეხვედრებს, რომლებიც დღემდე კონფლიქტების თემაზე მუშაობდნენ:

"სერიოზული საფრთხეები ემუქრება საქართველოს, თუნდაც, ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში დიდი სტრატეგიული შეიარაღებაა კონცენტრირებული. რუსეთის პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში განაპირობებს რუსეთის უსაფრთხოებასთან შეუსაბამო მოქმედებებს. ბევრი გლობალური პრობლემის გადაკვეთის და სწორედ გადაკვეთის ადგილად შეიძლება იქცეს საქართველო. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ ურთიერთობების მოგვარება აფხაზეთთან და ოსეთთან. ეს არის იმ საფრთხეების შეფასება და პრევენციის მექანიზმების კვლევა, რომელიც მომავალ თაობებს და თუნდაც ჩვენ უნდა აგვაცილოს სერიოზული პრობლემები.

მთავარი ამოცანა, მთავარი მესიჯი, რაც მინდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოისმინონ არის ის, რომ ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა მოვახდინოთ კონფლიქტების ტრანსფორმაცია. საფუძველი შევუქმნათ კონფლიქტების მოგვარების პროცესის განახლებას, რომელიც ერთი ხელის მოსმით დაანგრია ჩვენმა ხელისუფლებამ. კოკოითი ფანდარასტ, გამარჯობა აფხაზეთო... ამ კლიპებზე გადართო მთელი პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი საზრუნავი იქნება ის, რომ ჩამოვაყალიბოთ სიტუაცია, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებებს ექნებათ საშუალება დაუხლოვდნენ ერთმანეთს, ინტენსიური გახადოდნ ურთიერთობები ნებისმიერ დარგში: მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდობის, ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით, ბიზნესის დარგში. ამის დიდი შესაძლებლობები არსებობს. მცირე პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით უკვე ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენ არაფერი ისეთი არ უნდა მოვიმოქმედოთ, რომ გაუგებარი, მიუღებელი და ანტაგონისტურად განწყობილი აფხაზური ან ოსური საზოგადოება მივიღოთ ჩვენი საქციელიდან გამომდინარე. პირველ რიგში მათ მინდა მივულოცო ახალი წელი და შობა! მთავარი ლოზუნგი უნდა იცოდნენ. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა იქნება, თუ მომავალში შეიცვალა სიტუაცია და საშუალება გვექნება სერიოზულად ვმართოთ ეს მიმართულება, მაშინ ჩვენი პირველი ლოზუნგი, მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორ პოლიტიკურ გარემოში არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ერთ გეოგრაფიულ სივრცეში მოუწევთ ჩვენ შვილებს ცხოვრება, მათ ერთმანეთს არ უნდა უყურონ თოფის სამიზნედან”.

XS
SM
MD
LG