ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კრიზისის გავლენა


ევროპის კრიზისის გავლენა
ევროპის კრიზისის გავლენა

ანალიტიკოსთა მოსაზრებები ევროპული რეცესიის სახიფათო ტენდენციებზე

როგორც ბრიუსელიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი იუწყება, კრიზისი შესაძლოა იმ ქვეყნებშიც გავრცელდეს, რომლებიც ევროპასთან ექსპორტით არიან დაკავშირებული. მათ რიცხვში ბევრი განვითარებადი ქვეყანაა. ეს გავლენას მოახდენს ინდოელ მუშებზე, რომლებიც ავტომობილების ნაწილებს და კომპიუტერულ პროგრამებს აწარმოებენ, ლაოსელებზე, რომლებიც ყავის პლანტაციებში მუშაობენ, ეგვიპტელ ხალიჩის მქსოველებზე. მათი პროდუქციის მომხმარებლები მეტწილად ევროპელები არიან. ფილიპე დე ბუკი ორგანიზაცია „ბიზნესევროპის“ იგივე ევროპის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორია.

„ქვეყნების უმეტესი ნაწილისთვის ევროკავშირი ერთერთი უდიდესი პარტნიორია, როგორც ვაჭრობის და ინვესტიციების, ასევე იმპორტ-ექსპორტის განვითარების თვალსაზრისით,“- ამბობს დე ბუკი.

ამის მიუხედავად, ევროპის ფინანსური კრიზისი მთავრობებს ბიუჯეტების შეკვეცას და ეკონომიკური აქტივობის შენელებას აიძულებს, მომხმარებელთა უმეტესობა იძულებულია ხარჯები შეამცირონ. ამ ყველაფერს კი მთელ მსოფლიოზე ჭავლური ეფექტი აქვს.

ისეთი დიდი ეკონომიკის ქვეყანა, როგორიც ჩინეთია,ასევე არ არის დაცული ევროპული პრობლემებისგან. როგორც ჩინეთის ხელისუფლებამ სექტემბერში განაცხადა, ევროპასა და ამერიკაში მოთხოვნის დაცემამ ჩინური ექსპორტის ზრდის შენელება გამოიწვია.

ზოლტ დარვასი ბრიუსელში მოქმედი ბრიუგელის კვლევითი ორგანიზაციის ეკონომიკის მკვლევარია. მისი თქმით, მოთხოვნის დაცემა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში რამდენიმე წელს გაგრძელდება.

„სხვა ქვეყნებზე გავლენა დამოკიდებული იქნება თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ევროპის ფინანსური კრიზისი და რამდენად მოხდება მისი ესკალაცია. თუკი, ევროპაში რეცესია გაღრმავდება, რასაკვირველია, მისი უარყოფითი გავლენა დანარჩენ მსოფლიოზეც აისახება და არა მხოლოდ მზარდი ეკონომიკის ქვეყნებზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც და განვითარებულ სახელმწიფოებზე. ეს გავლენა ძალიან საზიანო იქნება,“ - ამბობს დარვასი.

თუმცა, ევროკავშირის ყოფილი ეკონიკისტი მარიო მონტი აღნიშნავს, რომ კონტინენტს კვლავ გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და საერთო ჯამში პრობლემა არც ისე საშიშია, როგორც ის ერთი შეხედვით ჩანს.

„რასაკვირველია, ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში საბიუჯეტო და საბანკო კრიზისი ძალიან მწვავეა, მაგრამ თუკი ევროზონას მთლიანობაში ავიღებთ, პრობლემა იმაზე მცირეა ვიდრე ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში ან თუნდაც იაპონიაში,“ -ამბობს მონტი.

ის დარწმუნებულია, რომ ევროზონის ძლიერი ქვეყნების ეკონომიკით საერთო კრიზისის დაძლევა მოხერხდება, თუმცა ეს არც თუ ისე დიდი ნუგეშია იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკებიც ევროპულ ბაზარზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG