ეგვიპტეში თაჰრირის მოედანზე ანტისამთვარობო დემონსტრაციების დროს შეკრებილი ეგვიპტელი ხალხი თანამედროვე და პროგრესული ქვეყნის შექმნისთვის იბრძოდა, ქვეყნისთვის, სადაც მამაკაცები და ქალები თანაბარ უფლებებს გაიზიარებენ.
ქაიროს მთავარ მოედანს სახელად მაიდან თაჰრირი ქვია, რაც ქართულად თავისუფლების მოედანს ნიშნავს. 25 იანვრის შემდეგ ამ მოედანზე შეკრებილი ეგვიპტელები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას 11 თებერვლამდე მოითხოვდნენ. აქ შეკრებილი ბევრი დემონსტრანტი ეროვნული პროტესტის ფორმით, ეგვიპტელ ქალთა უფლებების დასაცავად გამოდიოდა:
„დღემდე ჩვენ არანარი უფლება არ გაგვაჩნდა,ახლა კი იმედი გვაქვს,რომ ყველა უფლებას მოვიპოვებთ“ -აღნიშნავდნენ დემონსტრანტი ქალები.
მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციებზე ისინი მამაკაცებზე ბევრად ნაკლები რაოდენობით იყვნენ, ადგილობრივი ფემინისტის ნავალ საადავის მიტინგზე გამოჩენას თანამემამულე მამაკაცები ოვაციებით ეგებებოდნენ.
ნავალ ელ საადავი მიდან თაჰრირზე ყოველ დღე მიდიოდა. საღამოს კი ბნელი ქუჩებით ქაიროს ერთერთ ღარიბთა დასახლებას შობრას უბრუნდებოდა. როგორც თავად ამბობს, ამჟამად დღეს მის ცხოვრებაში სანატრელი ოცნების ასრულების ჟამი დადგა:
„მე ბედნიერი ვარ, თავისუფლად ვსუნთქავ, ასე მგონია კვლავ გავაახალგაზდავდი“
ნავალ საადავი კარგა ხანია ეგვიპტეში ქალთა გენიტალიის მოკვეთის ტრადიციას ეწინააღმდეგება. დისიდენტური აზროვნებისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საადავს დევნილობაში ცხოვრება მოუწია. თუმცა მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, მან სამედიცინო განათლება მაინც მიიღო და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა. ეს ნაშრომები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და ეგვიპტელ ქალთა სატკივარი უცხო ქვეყნების ხალხებამდე მიიტანა:
„ვფიქრობ, რომ მაინც ვერ შევძელი ჩემი პოტენციალი ბოლომდე გამომეყენებინა. გონება მიჭრის, ჯანმრთელობაც კარგი მაქვს. ხუმრობა ხომ არ არის, 80 წლის ქალი ვარ. ამიტომ ვთვლი, რომ სამშობლოსთვის ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.“
ნავალ საადავმა ცხოვრების მანძილზე მაინც ბევრი რამის მიღწევა ვერ შეძლო. ამაში იგი საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს ადანაშაულებს:
„ეგვიპტურ ოჯახს არაბულ სამყაროში ყველაზე დაუნდობელი ტრადიციები აქვს და ეს მამაკაცის აბსოლუტური ერთმართველობით გამოიხატება.“
ნავალ საადავი ერთერთი იყო, ვინც ამ ტრადიციებს წინ აღუდგა და მამაკაცის პოლიგამიის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა:
„სამი ქმარი მყავდა და სამივეს დავშორდი. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ქალთა უფლებების შესახებ ვწერდი, მათი მუდმივი მოსარჩლე გახლდით. ეს კი ეგვიპტეში არ შეიძლება. ცოლი ქმრისგან არაფრით უნდა გამოირჩეოდეს და მასზე მეტად სახელგანთქმულიც არ უნდა იყოს.“
აღსანიშნავია ისიც, რომ ნავალ საადავი მარტო ეგვიპტელი ქალების უფლებებს არ იცავს. იგი დღემდე ანტი-დასავლური იდეებითაა გამსჭვალული და ანტიკაპიტალისტურ იდეოლოგიასაც ქადაგებს.
სადავს მიაჩნია,რომ ეგვიპტეს საუკუნეების მანძილზე ანტიკური პერიოდის ფარაონთა აზროვნების მქონე ადამიანები მართავდნენ, რომელთა შორის ჰოსნი მუბარაქი ერთერთი იყო.
„მჯერა,რომ იგი უკანასკნელი იქნება.“