იორდანიაში მიმდინარე ხუთრაუნდიანი წინასწარი საუბრების შემდეგ ისრაელის და პალესტინის ლიდერები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეხვედრების მიზანი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების მომზადება იყო, რომელიც 3 წლის წინ შეწყდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო საზღვრის დეტალური გეგმა არ წარმოადგინა. პალესტინის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით ბატონი აბასი ისრაელს საერთშორისო ნორმების უგულვებელყოფაში და სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში ადანაშაულებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი თითს პალესტინისკენ იშვერს. საკუთარ კაბინეტთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ პალესტინამ ისრაელის უსაფრთხოების ინტერესების განხილვაზეც კი უარი განაცხადა. თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელები „გონს მოეგებიან“ და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან.
შეერთებული შტატებიც ევროკავშირთან ერთად პალესტინას მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა.