ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ზეწოლა ირანზე


კეტრინ ეშტონი ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. 01.23.2012
კეტრინ ეშტონი ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. 01.23.2012

ევროკავშირმა გაყინა ირანის ცენტრალური ბანკის ანგარიშები და ემბარგო დააწესა ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტზე

სულ უფრო იზრდება ირანზე დასავლეთის ზეწოლა ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო. ორშაბათს ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი.

ევროკავშირმა გაყინა ირანის ცენტრალური ბანკის ანგარიშები და ემბარგო დააწესა ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტზე. ამის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ გაიმეორა მუქარა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შესახებ, საიდანაც ყოველდღიურად მსოფლიოს ნავთობის ერთი მეხუთედი გააქვთ.

ირანი სხვა მხრივაც განიცდის ზეწოლას. ეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დივერსიულ აქციებში გამოიხატება. ამ ბოლო დროს გახშირდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების მკვლელობები. ირანის სამხედრო ობიექტებზე კი გაურკევეველი წარმომავლობის აფეთქებები ხდება. გარდა ამისა ამ ქვეყნის კომპიუტერული სისტემები ათასგვარი ვირუსებით არის ინფიცირებული. ეს ყოველივე ანალიტიკოსებს იმის მტკიცების საფუძველს აძლევს, რომ ირანის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს საიდუმლო ომი.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 11 იანვარს ირანელი მეცნიერის მუსტაფა აჰმადი როშანის მკვლელობა, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა. ირანელი მეცნიერი მაგნიტური ბომბის საშუალებით ააფეთქეს საკუთარ მანქანაში.

კერძო სადაზვერვო კომპანია “სტრატფორის” ანალიტიკოსის რევა ბჰალას განაცხადებით პოლიტიკოსებმა საიდუმლო ოპერაციების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც შუალედური ფაზაა დიპლომატიურ ზეწოლასა და აშკარა ომს შორის.

მისი თქმით:“ პოლიტიკოსები ამგვარ მეთოდებს მიმართვენ, რადგან სიტუაცია ჩიხშია შესული. ფარული დივერსიული ოპერაციები წლების განმავლობაში ხორციელდება, მაგრამ ამჟამად ამ ოპერაციების ინტენსიფიკაცია მოხდა, რადგან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან ირანის გაძლიერებით და ამ პროცესის შეჩერება სურთ.“

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სამი ირანელი მეცნიერი გამოასალმეს სიცოცლხეს, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ამ მკვლელობებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თუმცა ირანი ყველაფერში შეერთებული შტატების, ისრაელის და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს ადანაშაულებს. ამერიკა კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას, ბრიტანელები კი ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

ოფიციალური ისრაელიც უარყოფს მკვლელობებში რაიმე მონაწილეობას, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელმა ახლახან გულახდილად განაცხადა, რომ ის არანაირ სინანულს არ განიცდის ამასთან დაკავშირებით.

საიდუმლო ოპერაციები, რომლებიც საბოტაჟის აქციების, დივერსიების და მკვლელობების განხორციელებას ითვალისწინებს გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგან ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევაში უარყოფით საზოგადოებრივ რეზონანსს გამოიწვევს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობათა ბელფერის ცენტრის ანალიტიკოსის უილ ტობეის განცხადებით:“ ისინი ვინც ირანის წინააღმდეგ მკვლელობების კამპანიას ხელმძღვანელობენ კარგად აცნობიერებენ რა საშიშროებას შეიცავს ამგვარი აქციების ორგანიზება, რაც ნიშნავს, რომ მდგომარეობა უკიდურეს დაძაბულობამდეა მისული და ეს საშიშროება კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში.“

ვაშინგტონის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის სამხედრო და უშიშროების საკითხების ცენტრის დირექტორის მაიკლ აისენშტატდის განცხადებით პირველ რიგში ისრაელია დაინტერესებული ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციით და ამ მიზნის მისაღწევად არც სამხედრო აქციაზე იტყვის უარს. მისი თქმით:“ მე ვფიქრობ ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად მარტო საიდუმლო ოპერაციებით არ დაკმაყოფილდება. წარსული გამოცდილებიდან ისრაელმა იცის რომ ამ მეთოდებმა არ იმუშავეს ერაყში და საიდუმლო მკვლელობების კამპანიას არც ტერორიზმის შეჩერება შეუძლია. ჩემი აზრით საიდუმლო ოპერაციების ორგანიზებით ისრაელს დროის მოგება სურს სანქციების ამოქმედებამდე, რასაც გარკვეული დრო ჭირდება.“

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით ფარული დივერსიული ოპერაციები ვერ შეაჩერებენ ირანის ლიდერთა განზრახვას ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ. თუმცა ირანსაც აბრალებენ საიდუმლო ოპერაციების განხორციელებას. შარშან შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ირანი საუდის არაბეთის ელჩის ლიკვიდაციის მცდელობაში დაადანაშაულა, მაგრამ ეს საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული.

ირანი პერიოდულად აპატიმრებს უცხოელ მოგზაურებს ჯაშუშობის ბრალდებით. იანვრის დასაწყისში თეირანმა ამერიკის ჯარის ყოფილ საზღვაო ქვეითს ამირ ჰექმათის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ჯაშუშობის გამო. თუმცა ამერიკის მთავრობა და ყოფილი ჯარისკაცის ოჯახი კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG