გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე საქართველომ მორიგი რეზოლუცია წარადგინა, რაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების საკითხს ეხებოდა. რეზოლუციის მიღების ფაქტი საქართველოში ხელისუფლებამ დიდ წარმატებად მიიჩნია უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ამჯერად მას მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა და მხოლოდ 19 ქვეყანა აღმოჩნდა მისი წინააღმდეგი. ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს იმის თქვის საფუძველს აძლევს, რომ ქართული დიპლომატიის შრომა ნაყოფს იღებს, რადგან, ბოლო ხნის მანძილზე ეს რეზოლუცია უკვე მესამედ იქნა წარდგენილი და მხარდამჭერთა რაოდენობამაც თანდათანობით იმატა.
რეზოლუცია რამდენიმე მგრძნობიარე თემას ეხება, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტრიებზე მაცხოვრებელთა საკუთრების უფლებას, ეთნიკური წმენდის საკითხს, დევნილთა დაბრუნების განრიგის შემუშავების აუცილებლობას და ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა და მათი შთამომავლების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება ხელშეუხებელია.რეზოლუცია კვლავ ამახვილებს ყურადღებას გადაადგილებულთა საკუთრების უფლების პატივისცემის მნიშვნელობაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტებით გამოწვეული იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებების დაგმობის მეშვეობით, რეზოლუცია ხელახლა ადასტურებს 1990–იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ამ რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მიუღებლობას.
რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს, რომ შემუშავებული იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების კონკრეტული განრიგი.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხაინვალის რეგიონში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ "რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტული რეჟიმები განაგრძობენ ჰუმანიტარული მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ბლოკირებას“– ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყოს ცნობილი რუსეთის რეალური მისწრაფებები და „საქმიანობა“. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მისთვის ცხადია სხვაობის არსებობა რეალურ მდგომარეობასა და დიპლომატების მიერ აღებულ ქულას შორის. იგი ამბობს, რომ დევნილების დაბრუნებას რეზოლუციის მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, არავინ ელოდება.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ გაეროს მორიგი რეზოლუცია დიპლომატიის წარმატება არის გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა მისი აზრით, ქართულ მხარეს უფრო მეტად მართებს დაფიქრდეს იმ 78 ქვეყნის მოტივაციის შესახებ, რომელთაც რეზოლუციის მიღებისას ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ექსპერტი, ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ განცხადების შესახებაც, რაც რეზოლუციის მიღების შემდეგ აფხაზეთის დე–ფაქტო ლიდერმა გააკეთა. სოსო ცისკარიშვილის აზრით, ქართულმა მხარემ უნდა შეძლოს და გამოიყენოს არაღიარებული რესპუბლიკების მეთაურების მსგავსი ლაფსუსები. ექსპერტმა ბაღაფშის ნათქვამი იგულისხმა, როდესაც მან დევნილებს "აფხაზეთიდან რეპატრიანტები" უწოდა.
გაეროს რეზოლუციის მიუხედავად, დევნილები ცხინვალისა და გორის რაიონის სოფლებიდან საკუთარ სახლებში დაბრუნებას კვლავაც უშედეგოდ მოითხოვენ.