ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფართოდ დახუჭული დევნილთა თვალები


ფართოდ დახუჭული დევნილთა თვალები
ფართოდ დახუჭული დევნილთა თვალები

დევნილების ნაწილი დღეს კოტეჯებში ცხოვრობსდა როგორც თავად ამბობენ, უამრავი თავისუფალი დრო აქვთ. „დრო თქვენ არ გაქვთ, თორემ ჩვენ თავზე საყრელად გვაქვს, აქ საქმე არაფერია,“– ამბობენ ისინი. გორთან ახლოსმდებარე დევნილების ერთ–ერთი კომპაქტური ჩასახლების ადგილას დაახლეობით, 300 ოჯახი ცხოვრობს, ყველა მათგანი 2008 წლის ომის შედეგად იძულებული გახდა საცხოვრებელი მოეტოვებინა. ზოგს სახლი თვალწინ დაუწვეს, ზოგი ტყვედ აიყვანეს, ისტორიები ყველას თავისი აქვს. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ახალი დასახლება. „ახლა ჩვენ ქალაქის ტიპის დასახლებად ვითვლებით და საჭიროდ არ თვლიან მიწის ნაკვეთები დაგვირიგონ,“– ამბობს ერთ–ერთი დევნილი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თავს საკუთარი ხელით მოწეული მოსავლით ირჩენდა. დღეს ყველაზე მეტად მას უჭირს, ვინც პენსიონერი არ არის. ასეთი დევნილი სახელმწიფოსგან 22 ლარს იღებს თვეში. პენსიონერობის შემთხვევაში კი ამას საპენსიო თანხაც ემატება.

ყოფით პრობლემებთან ერთად, დღეს დევნილების წინაშე ერთი მნიშვნელოვანი დილემა დგას: თქვან თუ არ თქვან. დევნილები საკუთარი გამოხატვის უფლებების შესახებ ცალკე წუხან და გამოხატვის შემთხვევაში წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩენის შესახებ ცალკე. „პრობლემების მეტი რაა, მაგრამ მათი თქმით რა გვეშველება? ჩვენს მეზობელს რა არგო თქმამ: ამ ადამიანმა პროტესტი გამოთქვა უსამართლოდ მოსული ელექტროენერგიის ქვითრების გამო და პოლიციამ დააკავა. ოქმში ჩაუწერიათ, პოლიციას წინააღმდეგობას უწევდაო, მაშინ, როცა მთელი დასახლება იქ იყო და საკუთარი თვალით დაინახა, რომ პოლიცია მოშორებით იდგა და ამ კაცთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. 400 ლარი დააკისრეს ჯარიმა. ეს ფული რომ გადაეხადა, თანხა დასახლებაში ავაგროვეთ და მერე იმას დასდევდნენ, ფული ვინ გადაუხადაო. რა უნდა ვთქვათ?“– ამბობენ დევნილები და სახელსა და გვარს არ ამხელენ.

როდესაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილებს მოუწოდებენ იაქტიურონ და ხმამაღლა განაცხადონ საკუთარი პრობლემების შესახებ, მოითხოვონ, უფლებების დაცვა და სხვა, დევნილები ამას დუმილით პასუხობენ. ისინი ამბობენ, რომ ყველას ყავს ნათესავი, ან ოჯახის წევრი, რომელიც დასაქმებულია. თუ ისინი საჯაროდ გაახმაურებენ ინფორმაციას მათი პრობლემების თაობაზე, რომ უნდა მიეღოთ ტელევიზორი, რომელიც არ მიუღიათ, რომ დენის ქვითარზე არაა ასახული სუბსიდიით გადასახდელი თანხა და სხვა, შიშობენ, რომ მათ მათესავებს დაატოვებინებენ სამსახურს, ან ოჯახის წევრი აღმოჩნდება არარსებული დანაშაულის გამო ციხეში. ის, რომ დევნილებსა და მათი პრობლემების მოსაგვარებლად არსებულ სამინისტროს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა არსებობს, ამის შესახებ სახალხო დამცველის ახალ ანარგიშშიცაა საუბარი. „როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ - ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას – დევნილებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის

ნაკლებობას. სტრატეგიის თანახმად, უნდა მოხდეს ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან და კომპონენტთან დაკავშირებით, ასევე, ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას დევნილთა ჩართულობა მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დაგეგმვის პროცესში.

აშკარაა, რომ დევნილთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემად რჩება. ამაზე მეტყველებს ის მომართვებიც, რომლითაც სახალხო დამცველს მიმართავენ. როგორც წესი დევნილები ითხოვენ კონკრეტულ ინფორმაციას, ამა თუ იმ საკითხზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მიიღეს წერილობითი პასუხი ანალოგიურ კითხვაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან. ასევე ხშირია მომართვები, როდესაც დევნილები აცხადებენ, რომ ამა თუ იმ პრობლემის თაობაზე მიმართული აქვთ სამინისტროსთვის, საიდანაც თვეების განმავლობაში ამაოდ ელოდებიან პასუხს და ითხოვენ მათ განცხადებებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას,“– ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

XS
SM
MD
LG