ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შემოსავლების სამსახური შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს ასაქმებს


დღეისათვის შემოსავლების სამსახურმა თავისივე სტრუქტურებში 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტს ახორციელებს. დღეისათვის შემოსავლების სამსახურმა თავისივე სტრუქტურებში 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმა. შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება სრულფასოვნად შეუძლიათ:

“ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი , ამ ადამიანებს ეძლევათ საშუალება მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია საზოგადოებაში, მოახდინონ თავისი ენერგიის ხარჯვა. ასევე საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ჩვენ ამ ხალხს ვაძლევთ საშუალებას სხვებსაც პრობლემების მოგვარებაში მიეხმარონ. ასევე მნიშვნელოვანია თავად ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომ ჩვენ, შემოსავლების სამსახური განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე ავიყვანეთ, რადგან შევძელით ამ პირების დასაქმება. ეს არის საპილოტო პროექტი. ამ ეტაპზე თბილისში მოვახერხეთ მათი დასაქმება, მაგრამ უახლოეს დროს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას რეგიონების მასშტაბით. განცხადებები უკვე შემოსულია, მოვახდენთ შერჩევას ჩვეულებრივი პრინციპით და ამ პროექტს რეგიონებშიც ავამოქმედებთ”.

შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს უფროსის ანი გაგუას თქმით, დასაქმებულთა ნაწილი უშუალოდ გადამხდელებთან მუშაობს, ნაწილი კი ჩართულია საოფისე საქმიანობაში :

” შემოსავლების სამსახურში 20 შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი დასაქმდა. მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტებში, აუდიტის, პრევენციის, მომსახურებაში, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. მათ დაიწყეს დამწყები პოზიციებიდან - სტაჟიორებად, ასისტენტებად. ადგილზე სწავლობენ ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა თანამშრომელი. სტაჟირების პერიოდში ისინი ეუფლებიან იმ პროფესიას და უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ თანამდებობას დასჭირდება. ამის შემდეგ უკვე სრულუფლებიანი თანამშრომლები არიან შემოსავლენის სამსახურში."

- თქვენ მოუწოდეთ სხვა ორგანიზაციებს საქართველოში მოგბაძონ და თქვენს მსგავსად დაასაქმონ ასეთი ადამიანები. ვის შეუძლია ამის გაკეთება?

" ნებისმიერ ორგანიზაციას, სამინისტროს, ნებისმიერ კერძო ორგანიზაციას შეუძლია შექმნას თავის ორგანიაზაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები, ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან, მათ აქვთ ჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობები. ზოგიერთ მათგანს რაღაც უნარი აქვს შეზღუდული. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შრომის უუნაროები არიან. სმენადაქვეითებული, მხედველობის, გადაადგილების პრობლემებით... თითქმის ყველა შეზღუდვით გვყავს თანამშრომლები. რა თქმა უნდა ყველა მათგანს შევურჩიეთ შესაბამისი სამსახური. ანა გოგუაძე , მათი კოორდინატორი ეტლით გადაადგილდება, გვყავს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში უსინათლო თანამშრომელი, რომელიც ხმოვანი პროგრამის საშუალებით აყენებს კომპიუტერულ პროგრამებს, თანაც თანამშრომლებს ეხმარება კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. მათ ერთი უნარის სანაცვლოდ მეორე აქვთ განვითარებული და ძალიან კარგად ახერხებენ თავი გაართვან იმ სამუშაოს, რომელიც აკისრიათ.”

სასტუმრო ”ჰოლიდეი-ინ”-ში გამართულ პრესკონფერენციას შემოსავლების სამსახურის ახალი თანამშრომლები ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახურის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი დასაქმებული, პროფესიით ფოტოგრაფი ანა გოგუაძე კოორდინატორის პოზიციაზე აიყვანეს. ვაკანსიის შესახებ მან ინტერნეტით შეიტყო. ანი გოგუაძე ეტლით გადაადგილდება:

” მე ფოტოგრაფი გახლავართ, ეს ჩემთვის ძალიან ახალი გარემო იყო, თუმცა CV-დან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ვყოფილვიყავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კოორდინატორი, ანუ შემოსავლების სამსახურთან დამაკავშირებებელი ადამიანი. მე მევალება მათი პრობლემების მოგვარება; თუ რაიმე კითხვა გაუჩნდებათ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ასევე სხვა დამატებითი სამუშაო, რაშიც სხვათაშორის, შედის ფოტოგრაფიაც."

- ამ პროექტში მონაწილეობის ყველა მსურველს აქვს პროფესია?

"სამწუხაროდ არა, ყველას არ აქვს. არიან თანამშრომლები, რომელთაც არ აქვთ არაფერი დამთავრებული, მაგრამ ყველასთან არსებობს ინდივიდუალური მიდგომა.”

XS
SM
MD
LG