ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გეგმები აქვს ირანს ახლო აღმოსავლეთში?


რა გეგმები აქვს ირანს ახლო აღმოსავლეთში?
რა გეგმები აქვს ირანს ახლო აღმოსავლეთში?

ლეონ პანეტა აცხადებს, რომ ერაყიდან ჯარების გამოყვანა არ ნიშნავს ამერიკელების მიერ ამ რეგიონის მიტოვებას.

პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, 2011 წლის მიწურულისთვის ერაყიდან ამერიკის ჯარების გამოყვანაა დაგეგმილი.

ექსპერტების აზრით, ირანი ამ სიტუაციას ერაყში თავისი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს. ამას მოჰყვება ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებული მეტოქეობის კიდევ უფრო გამწვავება, რომ არაფერი ვთქვათ ვაშინგტონის და თეირანის ურთიერთობებზე.

როგორც სტრატფორის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ჯორჯ ფრიდმანი აცხადებს:“ ირანელები თვლიან, რომ ერაყიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ ვაკუუმი წარმოიქმნება და ისინი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას აპირებენ. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ირანელებს შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.“

ერაყიდან ამერიკის ჯარების სრულ გამოყვანას არავინ ელოდა. ბაღდადსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ლაპარაკი იყო რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზის დატოვების შესახებ ერაყის ტერიტორიაზე. ობამას ადმინისტრაცია ასევე იმედოვნებდა ამერიკელი ინსტრუქტორების დატოვებას ერაყში ამ ქვეყნის არმიის გაწვრთნის მიზნით, მაგრამ ბაღდადმა უარი თქვა ამერიკელი სამხედროებისთვის სასამართლო იმუნიტეტის მინიჭების შესახებ, ამან კი შეთანხმების ჩაშლა გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა აცხადებს, რომ ერაყიდან ჯარების გამოყვანა არ ნიშნავს ამერიკელების მიერ ამ რეგიონის მიტოვებას.

“ირანის და სხვათა გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ამერიკას ამ რეგიონში 40 000 ჯარისკაცი მაინც ეყოლება, 23 000 მათგანი კუვეიტში იქნება, დანარჩენი ნაწილები კი რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას “-აღნიშნავს პანეტა.

ახლა მწვავე დისკუსია მიმდინარეობს კუვეიტში ამერიკის საჯარისო კონტიგენტის გაზრდის შესახებ. ასევე ლაპარაკია სპარსეთის ყურის აუზში შეერთებული შტატების ფლოტის გაძლიერების თაობაზე.

რეგიონში ირანის გაძლიერების საფრთხე ჯერ კიდევ ერაყში ომის დაწყებამდე არსებობდა. ერაყი მუსლიმანური ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის ორ-მესამედს შიიტები წარმოადგენენ. სადამ ჰუსეინის სეკულარული მთავრობა მათ დისკრიმინაციას ეწეოდა. ირანს კი მოგეხსენებათ შიიტი აიათოლები მართავენ. ამიტომ ჰუსეინის დიქტატურისგან დაჩაგრული ერაყელები თავშესაფარს სწორედ ირანში პოულობდნენ.

როგორც სირიაში ამერიკის ყოფილი ელჩი თეოდორ კატუფი ამბობს:

"ირანელები სპარსები არიან, ერაყელები კი არაბები და მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მათ ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომი გადაიტანეს, რომლის ჭრილობები ჯერაც არ არის მოშუშებული. ამიტომ, თუ ერაყში ბევრი შიიტი ცხოვრობს, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ისინი ირანელი აითოლების ერთგულნი იქნებიან.“

2003 წელს, როდესაც ამერიკის არმია ერაყში შეიჭრა ვაშინგტონი თეირანს შიიტი პარტიზანების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. ირანი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროსაც ცდილობდა ერაყში თავისი გავლენის გაძლიერებას. ეს ამერიკასთან ერთად საუდის არაბეთის შეშფოთებას იწვევს.

საუდის არაბეთის მონარქებს მუსლიმანი სუნიტების ლიდერობის პრეტენზია აქვთ. როგორც ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ალექს ვატანკა აცხადებს ეს ქვეყნები რეგიონში მეტოქეობისთვის არიან განწირულნი.

“ საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ ომის დროს სადამ ჰუსეინს ეხმარებოდა. ირანელები და საუდიტები ავღანეთშიც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. იგივე ხდება ლიბანშიც და პალესტინურ ფრაქციებს შორის ატეხილ კონფლიქტშიც. ისინი ერთმანეთის მტრები არიან და ერაყიც არ იქნება გამონაკლისი.“

ალექს ვატანკას განცხადებით, ერაყელი შიიტები არაბული სამყაროდან გარიყულად გრძნობენ თავს, რადგან სუნიტების ლიდერი საუდის არაბეთი მუდმივად ამ კარტის გათამაშებას ცდილობს. ეს გარემოება ერაყელ შიიტებს სხვა არჩევანს აღარ უტოვებს გარდა იმისა რომ ირანელებს დაუახლოვდნენ.

ანალიტიკოსებს უჭირთ იმაზე მსჯელობა, რამდენად შეძლებს ირანი რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებას, რადგან საერთაშორისო სანქციების და საშინაო პრობლემების გამო თეირანი არ არის თავდაჯერებული, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ხამენეისა და პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს.

XS
SM
MD
LG