ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაიმერებზე ახალი გამარჯვებულია


პრაიმერებზე ახალი გამარჯვებულია
პრაიმერებზე ახალი გამარჯვებულია

სადღესასწაულოდ განწყობილმა გინგრიჩმა მთავარი მეტოქეების - მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის და პენსილვანიის სენატორის რიკ სანტორუმის- კრიტიკისგან ამჯერად თავი შეიკავა.

ყოფილი კონგრესმენი ნიუტ გინგრიჩი სამხრეთ კაროლინაში გამართულ პრაიმერებს შთამბეჭდავად იგებს და ისედაც უამრავი კითხვით სავსე საპრეზიდენტო არჩევნებს, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის.

მას შემდეგ, რაც შაბათს სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერებზე მეტოქეები დიდი უპირატესობით დაამარცხა, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა მოზეიმე მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენი სურვილია რესპუბლიკური საარჩევნო კამპანიის ნაცვლად ამერიკული კამპანია ვაწარმოოთ“.

სადღესასწაულოდ განწყობილმა გინგრიჩმა მთავარი მეტოქეების - მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის და პენსილვანიის სენატორის რიკ სანტორუმის- კრიტიკისგან ამჯერად თავი შეიკავა. გამარჯვებულმა რესპუბლიკელმა მთელი ორატორული ოსტატობა პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ მიმართა. ამით გინგრიჩი ცდილობდა ელექტორატისთვის ეჩვენებინა, რომ პარტიის ნომინაცია მას გარანტირებული აქვს და ახლა უკვე მთავარ მეტოქესთან, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საბრძოლველად ემზადება.

„ მზად ვართ ვიკამათოთ იმის თაობაზე, რომ ამერიკის უნიკალურობა, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამერიკული კონსტიტუცია, ამერიკელ ფედერალისტთა დოკუმენტები და ამერიკელი დამფუძნებელი მამები ჩვენთვის იმ მთავარ წყაროებს შეადგენენ, რომელიც ამერიკის არსს და ღირსებას განსაზღვრავენ. ის კი ამ გაგებას საულ ალინსკის, რადიკალური მემარცხენეების და იმ ხალხის იდეებზე ამყარებს, რომელთაც კლასიკური ამერიკის მცნება არ მოსწონთ“.

-აცხადებს კანდიდატი და პრეზიდენტ ბარაკ ობამას გულისხმობს. ნიუტ გინგრიჩს დიდი იმედი აქვს, რომ სამხრეთ კაროლინას მაგალითს დანარჩენი შტატებიც მიმართავენ და ის რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციას მოიპოვებს.

სამხრეთ კაროლინას შტატის პრაიმერი მიტ რომნისთვის დიდი იმედგაცრუება იყო. გამარჯვების შემთხვევაში მას ნომინანტობა პრაქტიკულად გარანტირებული ექნებოდა. თუმცა, მეორე ადგილი რომნის ისევ ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ტოვებს. ექსპერტების აზრით მას კონსერვატორთა ხმების მოსაპოვებლად მეტი მუშაობა მართებს, რადგან ზომიერ რესპუბლიკელთა ხმის უმრავლესობა მიტ რომნის პრაქტიკულად გარანტირებული აქვს.

სამხრეთ კაროლინაში დამარცხების შემდეგ მან მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა:

„კონკურენცია ჩვენ არ გვთრგუნავს. პირიქით, ის ჩვენზე მუშაობს, რადგან გვაიძულებს კამპანია კიდევ უფრო სრულვყოთ და გავაძლიეროთ. ეკონომიკური თავისუფლების იდეების ხანაში ჩვენ ძალიან ძლიერი თავდაცვა გვჭირდება და მე ამ საქმეს უნდა მივხედო“.

პენსილვანიის შტატის ყოფილი სენატორი, ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი, რიკ სანტორუმიც არ კარგავს იმედს. ის სამხრეთ კაროლინას პრაიმერზე მესამე ადგილზე გავიდა და აცხადებს, რომ ვალდებულია ბოლომდე იბრძოლოს, რადგან ის ოთხ დარჩენილ კანდიდატს შორის ერთადერთი კონსერვატორია.

„ამ ქვეყნის სიდიადეს ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომელთათვისაც ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლებიც ამ არჩევნების ბედს წყვეტენ და ვისთვისაც ეროვნული უსაფრთხოება და კონსერვატიული პრინციპები ყველაზე მთავარია. გთხოვთ შემოუერთდეთ არჩევნებს. ეს მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“ .

ნომინაციისთვის ბრძოლას აგრძელებს რესპუბლიკელთა მეოთხე კანდიდატი, ყოფილი ექიმი და კონგრესმენი, რონ პოლიც. ის კვლავ სამხედრო კამპანიების შეწყვეტის და უცხოური პროგრამების დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს და ელექტორატს პირდება, რომ დაზოგილი თანხა მისი არჩევის შემთხვევაში საშინაო საკითხების უკეთ მოგვარებას მოხმარდება.

პოლიტოლოგი მეთიუ დოდი „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სამხრეთ კაროლინას პრაიმერში ნიუტ გინგრიჩის გამარჯვებამ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა:

„ნიუტს კარგად ესმის, რომ ფლორიდაში და დანარჩენ შტატებში მას ჯერ კიდევ რამდენიმე მძიმე ბრძოლა ელის. მაგრამ სამხრეთ კაროლინაში მიტ რომნის დამარცხებით გინგრიჩმა ყველას დაუმტკიცა, რომ რომნის თავზე გამარჯვებულის გვირგვინის მორგება ნაადრევია და საპრეზიდენტო მარათონი მონაწილეთათვის ჯერ კიდევ ღიაა“.

ახლა ყოველი მომდევნო პრაიმერი იმაზე მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე მას ტრადიციულად გააჩნდა. შემდეგი პრაიმერი 31 იანვარს ფლორიდის შტატში გაიმართება.

XS
SM
MD
LG