სირიის ტელევიზიით მუამარ კადაფის აუდიო მიმართვა გადაიცა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი ნიგერში გაქცევის შესახებ.
კადაფიმ ამ ცნობებს სიცრუე უწოდა, რომლის მიზანი მისი მომხრეების დემორალიზაციაა. მისი თქმით ის ლიბიაშია და არსად გაქცევას არ აპირებს.
ბატონი კადაფის განცხადებით:
“ახალგაზრდობა და მისი მომხრეები ტრიპოლიში მზად არიან ნატოს დასამარცხებლად და გაანადგურებენ იმ ვირთხებს, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მოისყიდა.“
მუამარ კადაფის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ნიგერის ხელისუფლებამ უარყო ცნობები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე კადაფის ყოფნის შესახებ.
ტრიპოლიში ლიბიის ცენტრალური ბანკის ახალი თავმჯდომარის ქასიმ აზუზის განცხადებით, კადაფიმ ქვეყნის ოქროს მარაგის 20% გაყიდა ხელფასების დარიგების მიზნით. მისი თქმით, აპრილის შემდეგ კადაფის მთავრობამ 29 ტონა ოქრო გაყიდა, რაც დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარის ტოლფასია.