ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ლიდერი და ძველი სკანდალები


ახალი ლიდერი და ძველი სკანდალები
ახალი ლიდერი და ძველი სკანდალები

მედიაში საუბრობენ კჰერმან კეინის საპრეზიდენტო რბოლიდან სავარაუდო გავარდნის შესახებ.

რესპუბლიკელთა წინასაპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერი ისევ შეიცვალა. ამჟამად მთავარი პრეტენდენტები ახლად დაწინაურებული წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი- არიან.

ჯორჯიელი ბიზნესმენი, ჰერმან კეინი, რეიტინგებში საკმაოდ დიდ ხანს ინარჩუნებდა მოპოვებულ გამარჯვებას. დღეს კი ის აცხადებს, რომ უკანასკნელი სექსუალური სკანდალის გამო საარჩევნო კამპანიის ხელახალ გადაფასებას აპირებს. სცენაზე ახლა არა მისი წარსულის, არამედ დღევანდელი სასიყვარულო რომანის პერსონაჟი ქალბატონი გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებს, რომ 13 წელზე მეტია კეინთან აქვს ურთიერთობა. მედიაში უკვე საუბრობენ კანდიდატის საპრეზიდენტო რბოლიდან სავარაუდო გავარდნის შესახებ.

კეინი ოჰაიოს შტატში გამართულ შეხვედრაზე, როგორც ყოველთვის, გამომწვევად იქცეოდა. „ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მედიის“ - ამბობდა ის და ყველანაირ ბრალდებას ჯიუტად უარყოფდა. პარალელურად „ეი-ბი-სი-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯინჯერ უაითმა გადაცემაში „დილა მშვიდობის ამერიკა“ სატელეფონო ზარების სიაც კი უჩვენა ჟურნალისტებს. საუბრები და ტექსტობრივი შეტყობინება ზოგჯერ დილის 4 საათზე ხდებოდა. „საჩუქრებს და ფულს სისტემატურად ვიღებდი მისგან“ - ამბობს ქალბატონი უაითი.

მომენტით ყველაზე მეტად ნიუტ გინგრიჩმა ისარგებლა და რეიტინგებში ყველა დანარჩენ კანდიდატს გაასწრო.

„უნაკლო კანდიდატი არც მე ვარ. მაგრამ ვამტკიცებ, რომ მიტ რომნიზე უფრო კონსერვატიული ვარ და ყველა დანარჩენ კანდიდატზე მეტად პოპულარული“ - აცხადებს ყოფილი სპიკერი.

მიტ რომნი ყოველთვის მოწინავე კანდიდატად მოიაზრებოდა და დღესაც რეიტინგებში მეორე ადგილზეა. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის აგება პრეზიდენტ ობამას კრიტიკაზე შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს.

ობამა სანდომიანი კაცია. მაგრამ არა მგონია მან ამერიკა კარგად იცოდეს. არც ჩვენი ეკონომიკის ესმის. და ვერც თავისუფალი ხალხის ძალაუფლებას იგებს, იმ ხალხის, რომელსაც აქვს უფლება და ნება აირჩიოს საკუთარი ცხოვრების მთავარი კურსი“ -განაცხადა რომნიმ ფლორიდის შტატში გამართულ შეხვედრაზე.

პოლიტიკური სტრატეგი მეთიუ დოდი ამბობს, რომ რესპუბლიკელთა წინასაპრეზიდენტო მარათონი კვლავ ორი კანდიდატის რინგად გადაიქცა და ის, ვისაც რომნი არ მოსწონს, ავტომატურად მის მოწინააღმდეგეთა გუნდში ეწერება. იმავე აზრისაა ანალიტიკოსი სტიუარტ როტენბერგი, როელიც აცხადებს, რომ რომნი უდავოდ არჩევნების ლიდერია, მაგრამ მისთვის მთავარ გამოწვევად იმ ამომრჩევლის ხმის მოპოვება რჩება, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ რომნი არასაკმარისად კონსერვატიულია:

არჩევნების ერთადერთი თანმიმდევრულობა იმაში გამოიხატება, რომ მიტ რომნი ყოველთვის ზედა სამეულშია. ამასთან გარკვეულია ისიც, რომ რესპუბლიკელთა დაახლოებით მეოთხედი მას მუდმივად მხარს უჭერს. რომნიმ შეძლო დიდი, მტკიცე და გამოცდილი ეროვნული საპრეზიდენტო კამპანიის შექმნა. თუმცა, იქნება თუ არა ეს ყოველივე საკმარისი იმისთვის, რომ მან საბოლოო ნომინაცია მოიპოვოს, ეს ჯერ კიდევ უცნობია“.

რესპუბლიკელთა პირველ პრაიმერამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. 3 იანვარს აიოვას შტატში პირველი არჩევნები გაიმართება და რვაკანდიდატიან რბოლაში ბევრი რამ გაირკვევა.

XS
SM
MD
LG