ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკანის როლი იზრდება


ავღანეთის სამთავრობო უწყებებზე და ნატოს სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიში საუცხოოდ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული.

ორთაბრძოლა დილაუთენია დაიწყო და თითქმის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავიდან უპირატესობა მეამბოხეებმა მოიპოვეს. მათ ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მიმდებარე მაღლობი დაიპყრეს და სამთავრობო შენობები და ნატოს სამხედრო ბაზები ამოიღეს მიზანში.

შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ამის მიუხედავად შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ იერიშის მიღმა სხვა ტერორისტული დაჯგუფება იდგა და რომ ამერიკის თავდაცვის მდივნის ადრეული შეფასება სწორი გახლდათ.

ლეონ პანეტას განცხადებით საიდუმლო სამსახურების მონაცემები მიუთითებს, რომ შეტევები ჰაკანმა განახორციელა.

ავღანეთის სამთავრობო უწყებებზე და ნატოს სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიში საუცხოოდ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული. ეს კი უთუოდ ორგანიზატორთა მიერ შეტევის კარგად მომზადებაზე მეტყველებს - აღნიშნავს მაიკ მალინოვსკი, პენსიაზე გასული ამერიკელი დიპლომატი და სამხრეთ აზიის პოლიტიკური ექსპერტი.

შეტევა წინასწარ იყო დაგეგმილი. მათ სადაზვერვო სამუშაოც აშკარად ჩატარებული ჰქონდათ. ასე რომ თავდაცვის მდივანი სწორი იყო. რაც მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ შუაგულ ქაბულში მათ იერიშის განხორციელების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდათ“ - აცხადებს ბატონი მალინოვსკი.

ჰაკანის დაჯგუფებამ სახელი ბოლო წლებში გაითქვა, მას შემდეგ რაც მისმა წევრებმა ავღანეთში შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველაზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს, ამბობს საიდ ჯავადი, ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთში.

„ისინი რეგიონში მართლაც ყველაზე მომაკვდინებელ ჯგუფად ითვლებიან. ამასთან ერთად მთავარი მხარდაჭერა ავღანეთის გარეთ გააჩნიათ. ჰაკანის წევრები იდეოლოგიურადაც ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი“ - აღნიშნავს ყოფილი ელჩი.

ანალიტიკოსების თქმით იდეოლოგია ჰაკანის ქსელს უამრავი თვითმკვლელი ტერორისტის და უცხოეთში მცხოვრები ისეთი მებრძოლების მობილიზებაში ეხმარება, რომელთაც კარგად იციან, რომ შეტევის განხორციელების შემდეგ ან დაიჭერენ, ან მოკლავენ.

დაჯგუფება ჯალალედინ ჰაკანმა, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლმა ყოფილმა სამხედრო მეთაურმა დააარსა. მისი შვილი, სირაჯ ჰაკანიც დღეს სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელია. ჯგუფი პაკისტანშია ბაზირებული და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა განცხადებით ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთანაც მჭიდრო კავშირები გააჩნია.

არსებობს მოსაზრება, რომ ისინი პაკისტანში მყუდრო თავშესაფარს პოულობენ. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს და მსგავს სიტუაციას ჩვენ ვერ შევეგუებით. ეს პაკისტანის მხარეს გარკვევით გავაგებინეთ“ - აცხადებს ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა.

ხანგრძლივი ორთაბრძოლების მიუხედავად, უკანასკნელ შეტევებში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არც ისე დიდი იყო. საიდ ჯავადის აზრით ავღანეთის უსაფრთხოებამ მათ საკმაოდ პროფესიონალურად და მამაცურად უპასუხა. ჰაკანის ქსელმა ტაქტიკურ გამარჯვებას ვერ მიაღწია და უკანდახევა არჩია.

თუმცა, ექსპერტების აზრით გაზაფხულის დადგომასთან ერთად თალიბები უფრო გააქტიურდებიან და თვითმკვლელ ტერორისტთა მხრიდან მეტი შეტევაა მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG