სომხეთის პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტები ფაშინიანს ბრალს დებენ, რომ ის აზერბაიჯანთან მიუღებელ დათმობებზე წავიდა მთიანი ყარაბაღის საკითხზე. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები გასულ თვეში დაიწყო. დემონსტრანტებმა 1 მაისის შემდეგ „ბრძოლის გადამწყვეტი ფრაზა“ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.
ბოლო დღეებში, ფაშინიანის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ქუჩებს კეტავენ ერევანში და მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებისკენ მოუწოდებენ. 4 მაისს ქვეყნის პარლამენტთან დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ვითარება დაძაბული რჩება. პარლამენტის შენობას პოლიციის კორდონი იცავს.
ფაშინიანის მიმართ კრიტიკა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გასულ თვეში შეთანხმდნენ მშვიდობის ორმხრივ შეთანხმებაზე ისაუბრონ, რათა მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი გადაიჭრას და მოხდეს საზღვრის დემარკაცია. მოლაპარაკებები ბრიუსელშია დაგეგმილი.
აზერბაიჯანს სურს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხუთ ელემენტს ეყრდნობოდეს, მათ შორის ორმხრივ თანხმობას ტერიტორიული ერთიანობაზე. ბაქო აცხადებს, რომ პრინციპულად ელემენტები ერევნისთვის მისაღებია, რასაც სომხეთის ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა და ისინი ბრალს დებენ ხელისუფლებას, რომ ის მზადაა მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ცნოს.
სომხეთმა, მთიანი ყარაბაღის ნაწილზე კონტროლი 2020 წლის ომის შემდეგ დაკარგა. ომი რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. იქ 2000-მდე რუსი სამხედრო იქნა გაგზავნილი, როგორც მშვიდობისმყოფელი.
საერთაშორისო საზოგადოება ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ცნობს. სამი ათწლეულის განმავლობაში, რეგიონზე კონტროლი ეთნიკურად სომხურ ხელისუფლებას ჰქონდა.
Facebook Forum