ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ოსეთი შეიძლება რუსეთისთვის ვაჭრობის თემად იქცეს


რუსი ეკონომისტი და პრეზიდენტ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთის ეკონომიკაზე შესაძლოა დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამერიკის ხმასთან საუბრისას ილარიონოვმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და ყირიმის ისტორიის დამახინჯერბა კრემლს მითების შექმანში და მოქნილი პროპაგანდის წარმოებაში ეხმარება.

„პუტინის პოლიტიკური ელიტისთვის და რუსეთის მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც ტვინი პუტინის პროპაგანდით აქვს გამორეცხილი, ყირიმის მითვისება ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულად აღიქმება. ამის დასამტკიცებლად კი იქმნება სხვადასხვა მითები, რომლებიც ამ ნაბიჯს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ისტორიულად გამართლებულს წარმოაჩენს.

„ზოგიერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის გონებაში ჩამოყალიბებული ეს მითები აქტიურად ვრცელდება იმის გამო, რომ ამ ანექსიის აუცილებლობა დაასაბუთონ. ერთ-ერთი ასეთი მითია 1954 წელს, არა-ჯანსაღ თუ არა-ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა. ისტორიულად კი ვითარება სხვაგვარად იყო. ათი წლით ადრე, 1944 წელს სტალინმა ყირიმიდან თათრების გამოსახლება დაიწყო და საბოლოო ჯამში ნახევარკუნძული ისე დაცარიელდა, რომ ის ეკონომიკურად გამოუსადეგარი გახდა. ვითარების გამოსასწორებლად, საბჭოთა კავშირის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ჩრდილოეთიდან გლეხები ყირიმში ჩაესახლებინა, მაგრამ მათ ყირიმის ცხელი და მთიანი სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები ვერ აითვისეს. სწორედ სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ხრუშჩოვმა ყირიმის უკრაინის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ მმართველობაში გადაცემა გადაწყვიტა.“

ილარიონოვი აცხადებს, რომ „ისტორიული ფაქტების დამახინჯება და ფალსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის საზოგადოებაში ამ ანექსიის გასამართლებლად საჭირო შეხედულებების შექმნაში. უნდა ავღნიშნო, რომ სიცრუეზე დაფუძნებულ ამ პროპაგანდას გარკვეული შედეგი მოაქვს და რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ამ პროპაგანდის სჯერა.“

ილარიონოვის თქმით, რუსეთში მიმდინარე წელს რუბლის მნიშვნელოვანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ექსპერტი აცხადებს, რომ რამდენიმე სტრატეგიული თვალსაზრისით ყირიმი რუსეთს არ უნდა უღირსეს სავარაუდო ზარალად. თუმცა, მისი აზრით, პრეზიდენტი პუტინისხვა გათვლებს აკეთებს:

„ანექსიას პუტინის რეჟიმისთვის უპრეცედენტო იზოლაცია მოჰყვა, რისი საბოლოო შედეგიც მისი გარდაუვალი დამარცხება იქნება. 2014 წლის პირველი არასრული კვარტლის განმავლობაში რუბლმა უკვე განიცადა 10 პროცენტიანი დევალვაცია. რაც შეეხება ეკონომიკურ დინამიკას, სტაგნაცია, რომელიც რუსეთში 2012 წელს დაიწყო, 2013 წლის შუა თვეებში ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდა - ყოველ შემთხვევაში სამეწარმეო და საინვესტიციო სექტორებში. რუსეთის წინააღმდეგ დღემდე დაწესებული და მომავალში სავარაუდო სანქციები და ასევე პოლიტიკური გაურკვევლობა უდავოდ იქონიებს გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე. გარდა ამისა, 2013 წელს დაწყებული რეცესიაც გაგრძელდება. ჩემი პროგნოზი 2014 წელს გაცილებით მძიმეა, ვიდრე დღემდე არსებული გათვლები.“

შეკითხვაზე უღირს თუა რა რუსეთს ყირიმის ანქესია, პუტინის ყოფილი მრჩეველი აცხადებს:

„ეკონომიკური თვალსაზრისით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგია. დიპლომატიური და საგარეო ურთიერთოებების მხრივ, უდავოდ - კოლოსალური დანაკარგია. სამართლის ნორმების დარღვევის მხრივ - უდიდესი დარტყმაა. თუ ეს ასეა, მაშინ რისთვის იყო საჭირო ყირიმის ანექსია?

„პუტინის და მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების აზრით, ამის გაკეთება ღირდა დანაკარგად. პრეზიდენტმა პუტინმა ამით თავისივე წარმოდგენაში არსებული ისტორიული მისიის შესრულება დაიწყო - ეგრეთ წოდებული, დანაწევრებული ერის გაერთიანების მისია. ამაში შედის რუსი ერი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში. რას ნიშნავს ეს, რა კავშირი აქვს ამას რეალობასთან განხილვის სხვა თემაა - ჩვენ ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, ავტორიტარულ ქვეყნებში ზოგიერთი ლიდერის ეგზოტიკური იდეის განხორციელება ქვეყნისთ ცუდი შედეგით მთავრდება ხოლმე. ჩემი პროგნოზი პესიმისტურია, თანამედროვე სამყაროზე ასეთი დამახინჯებული შეხედულების შექმნა პუტინის რეჟიმის დანგრევისა და ნაციონალური კატასტროფის გარანტიაა.“

შეკითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია ის, რომ საუდის არაბეთის მიერ ნავთობის წარმოების გაზრდამ რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს, ილარიონოვი ამბობს, რომ ეს რეალური შესაძლებლობაა:

„ჯერ ზუსტად არ ვიცით რამდენად გაზრდის საუდის არაბეთი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდებას. სამეფოს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ დღეში 2-3 მილიონი ბარელით მეტი ნავთობის ექსპორტი აწარმოოს და ამ დონემდე ასასვლელად საუდის არაბეთს სამი თვე დასჭირდება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი უდავოდ შემცირდება. შედეგად, რუსეთს მნიშვნელოვნად შეუმცირდება შემოსავლები, გაუარესდებს ქბეყნის საბიუჯეტო მდგომარეობა, გამძაფრდება ეკონომიკური რეცესია. რუსეთი უდავოდ შევა ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და მტკივნეული ეკონომიკური რეცესიის პერიოდში. შემდეგი საკითხი ისაა, თუ რამდენად შეაცვლევინებს ვლადიმირ პუტინს ეს სანქციები და ეკონომიკური სირთულეები ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილებას. აქ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ პუტინი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის.“

საქართველოზე საუბრისას, ილარიონოვი აცხადებს, რომ რუსეთს აფხაზეთის ფედერაციაში შეერთების გეგმები ჯერ, სავარაუდოდ, არ აქვს, თუმცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება შეიძლება ვაჭრობის თემად იქცეს საქართველოს მთავრობასთან:

„რამდენადაც მე მესმის, პუტინის განზრახვა, ის არ გეგმავს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთებას, რამდენიმე მიზეზის გამო. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ის შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის. პუტინი სამხრეთ ოსეთს კოზირად აღიქვამს, რომლის გამოყენებაც მას შეეძლება იქედან გამომდინარე, თუ როგორი იქნება საქართველოს საგარეო ორიენტაცია. მაგალითად, საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში შესვლის პროცესის დაჩქარებასთან ერთად, შეიძლება დაჩქარდეს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებაც. თუ საქართველოს ხელისუფლება ბატონი პუტინის მიმართ ლოიალობას გამოიჩენს და მზად იქნება პუტინს საქართველო მთლიანად გადასცეს კრემლის კონტროლის ქვეშ, მაშინ სამხრეთ ოსეთის ფედერაციაში გაერთიანება ალბათ გადაიდება.“
XS
SM
MD
LG