ირანთან ბირთვული შეთანხმების გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე, ამერიკულმა B-1B-ტიპის ბომბდამშენებმა ჰორმუზის სრუტის თავზე გადაიფრინეს. ახლო აღმოსავლეთში შესრულებული ფრენის დროს ამერიკულ ბომბდამშენებთან ერთად ბაჰრეინის, ეგვიპტის, ისრაელისა და საუდის არაბეთის ავიაგამანადგურებლებიც დაფრინავდნენ. ინფორმაცია და ფოტომასალა ფრენის შესახებ ამერიკის საჰაერო ძალებმა გაავრცელა.
ჰორმუზის სრუტე ვიწრო, თუმცა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორის მდებარეობს. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი 54 კილომეტრს შეადგენს და ამ სრუტის გავლით სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ხდება. ჰორმუზის სრუტე ყოველდღიურად 17 მილიონ ტონა ნავთობს ატარებს.
ბოლო წლების განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ხშირია გემებზე თავდასხმები, რაშიც ბრალს ირანს დებენ.
"ისლამური სახელმწიფო" ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ისრაელს ემუქრება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს ირანის მიმართ ხისტი პოლიტიკური გზა აქვს არჩეული.
ავიაგამანადგურებლებმა ჰორმუზის სრუტის შემდეგ ფრენა წითელი ზღვის თავზე განაგრძეს. ოფიციალურ თეირანს ფრენების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, ფრენის შესახებ ინფორმაცია არც ირანულ მედიას გაუვრცელებია.
რაც შეეხება თავად ბირთვულ პროგრამას, მასზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხდება, მოლაპარაკებების პროცესი 2021 წლის მარტში დაიწყო. შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნდა, რომ შეთანხმება სუსტი და უშედეგო იყო.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობდა. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შეთანხმება, რომელზეც მუშაობა გრძელდება, ირანთან 2015 წელს პრეზიდენტმა ობამამ გააფორმა.
Facebook Forum