წამყვანმა ამერიკულმა ავიახაზებმა, როგორიცაა „ამერიკან“, „იუნაითიდ" და „დელტა“ შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავებასთან ერთად ისრაელში ფრენები შეაჩერეს.
დაპირისპირება ორშაბათს გამწვავდა. ისრაელი იგერიებს პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან საჰაერო თავდასხმებს და მიაქვს იერიში ღაზაში, ჰამასის მიერ კონტროლირებად პუნქტებზე. პალესტინურმა მხარემ, სხვა სამიზნეებთან ერთად, იერიში თელ-ავივის აეროპორტზეც მიიტანა.
ფრენების შეჩერების გადაწვეტილება მიიღო ასევე ევროპული ავიაკომპანიების ნაწილმა, მათ შორის „ბრითიშ ეირვეისმა", „ვირჯინ ატლანტიკმა", „ლუფთანზამ“ და „იბერიამ“.
ისრაელი საპასუხოდ ცდილობს, საჰაერო მიმოსვლა არ შეწყდეს და ამისთვის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ერთი აეროპორტი აამოქმედა.
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში პალესტინური დაჯგუფებები უწყვეტად ისროდნენ რაკეტებს თელავივის მიმართულებით, რამაც გააჩინა შიში ქვეყნის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ოთხშაბათს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა მის კოლეგას ისრაელში ბენიამინ განცს. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ურღვევია" პენტაგონის მხარდაჭერა "ისრაელის ლეგიტიმური უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ხალხი".
ლოიდმა დაგმო ჰამასის და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ასევე "გაუსვა ხაზი იმას, რომ [დაპირისპირებაში] ჩართულმა მხარეებმა საჭიროა გადადგან ნაბიჯები სიმშვიდის აღდგენისკენ".
Facebook Forum