ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლბრაიტი: "დემოკრატია ქალების გარეშე შეუძლებელია"


შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამერიკის დიპლომატიას სათავეში 1997-2001 წლებში ედგა და ამჟამად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს თავმჯდომარეობს პოლიტიკაში ქალების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე საუბრობს.

„გასულ ოქტომბერს უგანდაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ზეინაბ ფატუმა ნაიგაგა საპროტესტო აქციისკენ მიმავალი მამაკაც კოლეგებთან ერთად დააპატიმრეს. დაკავებული ჯგუფის ერთადერთი წევრი პოლიციამ საჯაროდ გააშიშვლა და თავსაფრის ამარა დატოვეს,“ უგანდელი ოპოზიციონერი ქალის დამამცირებელი ისტორიით იწყება წერილი, რომელიც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა ქალათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია CNN-ის ეთერში გააკეთა.

საეჭვოა წარმატება დემოკრატიის გარეშე, დემოკრატია კი ქალების გარეშე შეუძლებელია
მადლენ ოლბრაიტი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი

ყოფილი მდივანი ასევე იხსენებს ბოლივიელ ხუანა სიპსის, რომელიც სამსახურიდან იმიტომ გაანთავისუფლეს, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს საჩივრის მომზადებაში ეხმარებოდა. სიპსი სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილებით დააბრუნეს, თუმცა აქედან ერთ თვეში მისი სხეული მდინარე ლა პაზის სანაპიროზე იპოვეს. ყელის არეში მას ძალადობის კვალი ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა, საქმის დამკვირვებლები ამბობენ, რომ იკვეთება პოლიტიკური მოტივები.

„ეს ერთეული შემთხვევები არ არის“-განაცხადა მან და იქვე აღნიშნა, რომ ხშირად ქალები პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ძალადობის სამიზნეები ხდებიან.

„ეს გავრცელებული ბარიერია, რომელიც ქალებს, მთელს მსოფლიოში, უშლის ხელს მათი აზრის გამოხატვაში. ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენ ამ პრობლემას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. ათწლეულების განმავლობაში ქალებს გვერდზე წევდნენ, წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ. ბევრი ქალი, მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, დღესაც ძალადობის და შეურაცხყოფის მსხვერპლია. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მსგავსი ძალადობა კულტურის ნაწილია, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ეს დანაშაულია და ჩვენ ის უნდა შევაჩეროთ,“ ამბობს ოლბრაიტი.

მომდევნო კვირას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიასთან ერთად პოლიტიკაში ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად კამპანიას იწყებს.

„იმიტომ, რომ მე მეჯერა დემოკრატიის, მე მჯერა, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი ინტერესების მიხედვით გამოხატვის საშუალება... გულმოდგინე შრომა უნდა იყოს პოლიტიკის ერთადერთი საფასური. მე ხშირად მითქვამს, რომ საეჭვოა წარმატება დემოკრატიის გარეშე, დემოკრატია კი ქალების გარეშე შეუძლებელია,“ აცხადება ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

XS
SM
MD
LG