ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაცებს მოუწევთ ადგილის დათმობა - ბაია პატარაია


საქართველოში დღეს დედების დღეს აღნიშნავენ, ხუთიოდე დღეში კი ქალთა საერთაშორისო დღის, რვა მარტის მისალოცად არაერთი საზეიმო ღონისძიება დაიგეგმება ხელისუფლების მხრიდან. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, შესაძლოა მრავალშვილიან დედებს სახლებში ესტუმრონ და საჩუქრად ყვავილები გადასცენ. ხოლო თუ უკეთესი საჩუქრის გაკეთება მოუნდებათ, სიაში იქნება, ალბათ გაზქურა და სარეცხი მანქანა, ან სამზარეულო–კომბაინი. არაერთი კომპანია ქალთა დღეს ფასდაკლებებით აღნიშნავს.

თუმცა ეს ქალთა საერთაშორისო, თუ ლოკალური დღესასწაულების მხოლოდ ერთი მხარე არაა და დღეს ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ფიქრობენ, ვიდრე სუნამო თუ ყვავილის თაიგული, ან სარეცხი მანქანის მიძღვნაა. ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები, ვისთანაც ამერიკის ხმამ ისაუბრა, დღეს აანონსებენ იმ ღონისძიებებს, რომელთა ორგანიზება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს შედგება, რა დროსაც ისინი პარლამენტში კვოტირების სისტემის შემოღებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

ბაია პატარაია, ქალთა მოძრაობის წევრი, კავშირი „საფარის“ დირექტორი, ჩვენთან საუბრისას ამბობს: პარტიების უმრავლესობა ხვდება, რომ პრობლემა რეალურია. კვოტირება, როგორც ამ პრობლემის გადაჭრის გზა რომ საკმაოდ ეფექტურია, ამასაც ხვდება, თუმცა საარჩევნო წელია 2016 და ბევრი პარლამენტარი ღიად და პირდაპირ ამბობს, რომ კვოტირების მიღება კიდევ უფრო შეამცირებს მათ შანსს, ისევ იყვნენ პარლამენტარები. ვინაიდან, თუ ქალები შევლენ პარლამენტში, ბუნებრივია, ისინი დაიკავებენ კაცების ადგილს, რადგან ქალების შესვლით პარლამენტს ცალკე ადგილები არ ემატება, ბუნებრივია, კონკურენცია იმატებს. წმინდად, პირადი ინტერესის გამო, ბევრი პარლამენტარი კვოტირების სისტემის გამოყენებისას ხედავს პირად საფრთხეს. აცნობიერებს, რომ თავად მოუწევს ადგილის დათმობა და ამიტომ არ სურს მსგავსი ტიპის კანონპროექტს დაუჭიროს მხარი.“

საქართველოში კანონი გენდერული თანასწორობისთვის 2010 წელს მიიღეს, თუმცა მის მიერ თანასწორობის უზრუნველყოფა, იმპლემენტაციის ყოველგვარი მექნიზმის გარეშე, მხოლოდ სათაურით შემოიფარგლება. დღევანდელ პარლამენტში მხოლოდ 11,8 პროცენტია ქალი, ამბობს ამერიკის ხმასთან ელენე რუსეცკაია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი: „დღეს ჩვენს პარლამენტში 11,8 პროცენტია ქალთა რაოდენობა, რაც არაბულ ქვეყნებზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. 22 პროცენტია საშუალო მაჩვენებელი ქალთა წარმომადგენლობის მხრივ მთელ მსოფლიოში, ჩვენთან კი 12 პროცენტამდეა ეს მონაცემი. გარდა ამისა, არის სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რაც ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს ამ მიმართულებით განვითარებას. მათ შორისაა სიდო კონვენცია. გაეროს კომიტეტმა ჩვენს სახელმწიფოს მისცა სავალდებულო რეკომენდაცია, რომ 2016 წელს ყველანაირი ზომები იხმაროს პრობლემის გამოსასწორებლად. ეს ემთხვევა საარჩევნო წელს...

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ქალთა ის რაოდენობა, რომელიც გვაქვს პარლამენტში, არაა კრიტიკული მასა. კრიტიკულ მასად ითვლება დაახლოებით 30 პროცენტი მაინც, განსხვავებული სქესი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალი იქნება, თუ კაცი პარლამენტში, რომ მას ჰქონდეს გარკვეული ძალაუფლება. სიკეთე აქედან, პირველ რიგში არის ის, რომ პარლამენტში იყოს მრავალფეროვნება, უნდა იყოს ასევე წარმოდგენილი სხვადასხვა ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური იმცირესობების და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმიტომაა საჭირო, რომ პარლამენტმა ინიცირება უნდა გაუკეთოს ისეთ კანონ–პროექტებს, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რაც აისახება ჩვენს მოქალაქეებზე, ვისაც უამრავი პრობლემა აქვთ. აუცილებელია, რომ მათ შორის ქალების საჭიროებები იყოს ასახული და გათვალისწინებული პოლიტიკის დონეზე.“

ქალებისა და დედების უფლებების საკითხი ქართული სუფრის ფარგლებს და დღესასწაულებს რომ გასცდეს და მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად პოლიტიკაში მეტი ქალი მოვიდეს, ამისთვის პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები აპრილამდე უნდა შეიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი ქალი პარლამენტში მხოლოდ პარტიული სიების მაქსიმალური დაბალანსების შედეგად შეიძლება ვიხილოთ. ეს კი ისევ პარტიების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და არა სახელმწიფო პოლიტიკაზე.

XS
SM
MD
LG