ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებები ქაღალდზე და ქაღალდს მიღმა


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სიმბოლო
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სიმბოლო

რა გამოწვევებია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში და როგორ ფასდება წლევანდელი წელი ამ მხრივ? უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა წლიური მიმოხილვა წარმოადგინეს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ის დოკუმენტია, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს და იზიარებს. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მიერთებულია უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ყველა ძირითად დოკუმენტთან, უფლებების, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების რეალიზების საკითხები უდიდეს გამოწვევად რჩება.

საქართველოში უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა 10 დეკემბერს წლიური მიმოხილვა წარმოადგინეს და შეაფასეს ვითარება. „წლის განმავლობაში აქტუალურ თემებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები სამართალდამცავთა მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის, გამოძიების და დასჯის მიმართულებით არსებული პრობლემები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტები, უმცირესობათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება, პლურალისტური და კრიტიკული მედია გარემოს შენარჩუნების მიმართულებით შექმნილი აშკარა საფრთხეები, მკაფიო, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დაზარალებულთა უფლებების აღსადგენად, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები და ეფექტური მანდატის მქონე შრომის ინსპექციის არარსებობა, პროკურატურისა და შსს-ს არასრული რეფორმები, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და რეფორმის მესამე - შეფერხებული ტალღა... მმართველი ძალის უარი საარჩევნო რეფორმაზე უფრო თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სხვა.” - ეს გახლავთ ამონარიდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გუშინდელი ანგარიშიდან.

ადამიანის უფლებათა დაცვის წინა დღეს საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ოფისი ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის ოფისზე თავდასხმას აქვს ადგილი. ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ბარამიძემ ამის თაობაზე პარლამენტში განაცხადა: „დასისხლიანებული სახე არაფერი არაა, შეღებილი ოფისი არაფერი არაა, კვერცხის სროლა (წიწილიანის) არაფერი არაა და ახლა ვიღამაც, შეიძლება, გადაწყვიტა, რომ თოფით სროლაც შეიძლება არაფერი იყოს“.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: „თოფის სროლა პარტიული ოფისის მიამრთ იქნება, კერძო პირის თუ სხვის მიმართ, ესაა მძიმე თემა და ამას სჭირდება ძალიან მალე ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს წინ უსწრებდა სკანდალი პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ხელისუფლების გავლენიანი პირები ახორციელებდნენ ზეწოლას და იღებდნენ თანხას შეწყალების სანაცვლოდ. ამჯერად საქმეს პროკურატურა სწავლობს, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელია სკეფსისითა და ირონიით სავსე კომენტარი: „რადგან ჩვენებაც მიცემული აქვს, ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები წარადგინოს იმისა, რაზეც საუბრობს“.

დღეს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა საკუთარი კვლევა წარმოადგინა 2010-2015 წლებსში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე, რომლის მიხედვით ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასახელდა. მან 44 განაცხადი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით უპასუხოდ დატოვა.

XS
SM
MD
LG