ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომბუდსმენის ანგარიში შშმ პირთა უფლებებზე


საქართველოს მოქალაქე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კვლავ პრობლემატურია მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, ეს კი მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას, რაც ხშირად მათი დისკრიმინაციის საფუძველია - ასეთია სახალხო დამცველის შეფასება, რომელიც 2014 წელს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა სპეციალური ანგარიში და 2014 წლის განმავლობაში, ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად, კვლავ დაასახელა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დებულებების სათანადოდ იმპლემენტაციის, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხები, რის გარეშეც გაეროს კონვენციის რატიფირებას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობებიდანგამომდინარე არ აპირებს კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. ამ მოსაზრებას არ იზიარებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა ფაკულტატური ოქმის ხელმოწერისგან. ეს არის კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს შშმ პირს მიმართოს გაეროს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ისარგებლობს გარკვეული მექანიზმებით
უჩა ნანუაშვილი

„ერთ-ერთ რეკომენდაციად კვლავ რჩება გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ამ კონვენციის რატიფიცირება გასულ წელს მოხდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა ფაკულტატური ოქმის ხელმოწერისგან. ეს არის კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს შშმ პირს მიმართოს გაეროს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ისარგებლობს გარკვეული მექანიზმებით, რათა სახელმწიფომ მათი უფლებების დაცვა უზრუნველყოს.“

სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ჩართულობას. ასევე,ვერ ხერხდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება. ანალოგიური პრობლემა არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ შშმ პირთა მიმართ.

კვლავ ძლიერია სტიგმა ქართულ საზოგადოებაში. გასული წლის ზაფხულში, თბილისში, დიდუბის რაიონის ერთ-ერთ სკვერში, მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნით, მოიხსნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დადგმული საქანელა. როგორც ომბუდსმენის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ირინა ობოლაძემ აღნიშნა, დიდუბის გამგეობამ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ აღადგინა ეს საქანელა, თუმცა მოსახლეობამ ის ორივეჯერ ჩამოხსნა

„გამგეობამ ორჯერ მოახდინა ამ საქანელის მონტაჟი, თუმცა საზოგადოების მხრიდან ვერ ხდება ამ ადამიანების [შშმ პირთა] იდენტიფიცირება და ისევ მოხდა ამ საქანელის დემონტაჟი და დღეს საქანელა გდია ამ ბაღში და მისით სარგებლობის უფლება არ აქვთ შშმ ბავშვებს.“

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვის დროს, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერმა თემურ სახოკიამ, რომელმაც განაღმვის ოპერაციის დროს ორივე ზედა კიდური დაკარგა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანებს შესაბამისი ყურადღება ისევ არ ექცევათ.

„ჩვენ ვიჯექით სანგრებში, ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და სახელმწიფო ვალდებულია ჩვენს წინაშე! ჩვენ არ უნდა გვიხდებოდეს მათხოვრობა ამ სახელმწიფოს წინაშე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, დავრეკე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: მე-19 პოლიკლინიკაში არ არსებობს პანდუსი!

ავღანეთში და ერაყში დაჭრილი ბიჭები, ვაჟკაცები რეაბილიტაციას გადიან უცხოეთში, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ აფხაზეთში ნაომრებმა რა ვქნათ?! წელიწადნახევარი ვიცავდით ჩვენ სამშობლოს რუსებისგან და არცერთი არ გაუგზავნიათ იგივე გერმანიაში და აშშ-ი. ჩვენ რა „მეორე ხარისხის“ ომის ვეტერანები ვართ? თუ, ისევ „ჩარეცხილებად“ დავრჩით, როგორც სააკაშვილის დროს ვიყავით?!“

იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც სახალხო დამცველმა ადრე გასცა და სახელმწიფომ დადებითი რეაგირება მოახდინა, აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის ახალი სერვისი - „112 გხედავთ!“.

ამ სერვისით სმენადაქვეითებულ ადამიანებს უკვეშეუძლიათ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე დაუკავშირდნენ 112-ს და გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო, მაშველი ან პოლიცია.

ვიდეო ზარის მეშვეობით მათ ჟესტების ენის მცოდნე ოპერატორი პასუხობს.პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის დახმარებით განხორციელდა.

XS
SM
MD
LG