პარასკევს, ავღანეთში ოპერაციის ჩატარების დროს, ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. შეერთებული შტატების და ნატოს მეთაურობით მოქმედ შეიარაღებულ ძალებს ინფორმაციის სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ.
ავღანეთში დაახლოებით 14 ათასი ამერიკელი სამხედრო რჩება. ისინი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ნაწილი არიან, რომელსაც ავღანური ჯარის მხარდაჭერა და წვრთნა ევალება.
ინფორმაციას ისლამაბადიდან სააგენტო „როიტერიც“ ადასტურებს. ის ნატოს მეთაურობით მოქმედი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავღანეთში ოპერაციის მსვლელობისას, ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ჯარისკაცების სახელებს ჯერჯერობით არ აცხადებენ, სანამ მათ უახლოეს ნათესავებს არ შეატყობინებენ.
შეერთებული შტატების მისიის მთავარი ამოცანაა, ავღანურ ძალებს ხელისუფლებიდან 2001 წელს მოშორებულ, თალიბანთან ბრძოლაში დაეხმაროს. შეერთებული შტატების მთავრობის და ნატოს ცნობით, ბოლო მსხვერპლმა ამერიკელი სამხედროების დანაკარგის რიცხვი, 2019 წლისთვის, სულ ცოტა ოთხამდე გაზარდა. 2015 წლის იანვრიდან დღემდე კი, ავღანეთში მთლიანად, სულ ცოტა 65 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
Facebook Forum