ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური დისტანცირების გამო ამერიკაში სიკვდილიანობის პროგნოზი მცირდება


ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოდელირების თანახმად, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესაძლო რაოდენობა წინა პროგნოზებთან შედარებით, 12 %-ით შემცირდა. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ზოგიერთ შტატში 4 მაისიდან შესაძლოა შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება უსაფრთხო იყოს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოდელი რეგულრაულად აახლებს ინფორმაციას და მის ცნობებს და მონაცემებს ხშირად იყენებენ ოფიციალური პირები, მათ შორის თეთრი სახლის წარმომადგენლები. პარასკევის მონაცემების თანახმად, მოსალოდნელია, რომ 4 აგვისტომდე შეერთებულ შტატებში კორონავირუსით შესაძლოა 60 308 ადამიანი გარდაიცვალოს. გასულ კვირას, იგივე გათვლებით ეს ციფრი 8 ათასით მეტი იყო.

გაუმჯობესებული პროგნოზების უმთავრეს მიზეზად კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიღებული ზომები - სახლში დარჩენის მოთხოვნისადმი დამორჩილება და ბიზნესების დაკეტვა სახელდება. ამგვარი მოთხოვნები ახლა 42 შტატში მოქმედებს.

"ჩვენ ვხედავთ ციფრების კლებას, რადგან შტატებისა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა, და რაც ასევე მნიშვნელოვანია კერძო პირებმა, ადამიანებმა გადაწყვიტეს საკუთარი ოჯახების, მეზობლების, მეგობრებისა და თანამშრომლების დაცვა იმით, რომ მათთან ფიზიკური კონტაქტი შეამცირეს", - ამბობს ქრისტოფერ მიურეი, უნივერსიტეტის ჯანდაცვის მონაცემებისა და შეფასების ინსტიტუტის დირექტორი.

ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ ის შტატები, სადაც სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებია, ეტაპობრივი "გახსნისთვის" შესაძლოა მზად იყოს. მაგალითად ვერმონტი, დასავლეთ ვირჯინია, მონტანა და ჰავაი, აქ ანალიტიკოსების აზრით, ზოგიერთი ზომის შემსუბუქება საფრთხის შემცველი არ იქნება. თუმცა სოციალური თავყრილობები მაინც შეზღუდული უნდა იყოს. ამასთან, საჭიროა, რომ იმ შტატებში, რომლებიც შეზღუდვებს შეამსუბუქებს, ინფექციაზე აგრესიული ტესტირება მიმდინარეობდეს, დადასტურებული შემთხვევების სწრაფი იზოლირება და კონტაქტების მოკვლევა მოხდეს.

ინსტიტუტის დასკვნითვე, სხვა შტატებში, რომლებშიც მოსახლეობა სოფლის მეორნეობითაა დაკავებული და არც ისე მჭიდროდაა დასახლებული, შესაძლოა ივნისის ბოლომდე ან ივლისის დასაწყისამდე მოცდა ჯობდეს. ასეთებად სახელდება აიოვა, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, იუტა, არკანზასი, ოკლაჰომა. ეს შტატები ინსტიტუტის რეკომენდაციით, მაშინ უნდა გაიხსნას, თუკი თითო მილიონ მოსახლეზე 1 პაციენტი ეყოლებათ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოდელირებაში გაითვალისწინეს ის მონაცემები, რომელთა თანახმადაც ხალხი ემორჩილება რეგულაციებს და ნაკლები კონტაქტი აქვთ. წინა მოდელები მართალია ითვალისწინებდა შტატების მიერ მიღებულ ზომებს, მაგრამ არა უშუალოდ ხალხის რეაქციას მათ მიმართ.

შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა 718 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 37 ათასზე მეტია. მათი თითქმის ნახევარი ნიუ-იორკში გარდაცვლილი ადამიანები არიან. პარასკევს მეოთხე დღე იყო როცა ყოველდღიურად (24 საათში) გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 2000-ზე მეტი ადამიანით იზრდებოდა.

თავდაპირველი მოდელირებით, ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ შეერთებულ შტატებში შესაძლოა 200 000-ზე მეტი ადამიანიც კი გარდაცვლილიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG