ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ.
ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები. როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ:
„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები“, - ამბობს კლინიკის ექიმი.
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. როგორც მაკა ჩიხლაძე ჰყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას.
„ბესიკის ქუჩაზე ე.წ. ტიტუშკები ესხმოდნენ თავს ადამიანებს და არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის შესაძლებლობას. რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება.
მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. მე ვხედავდი აქ გოგოებსაც, რომლებმაც ჩანთები ააგლიჯეს და გარდა იმისა, რომ წიხლები ურტყეს, ჩანთები წაართვეს. აქვე იდგა პატრული და აღარ არიან. მიკროფონიც წაიღეს, კამერაც, რას იღებ შე ბ..ო, პირდაპირ ასე მომმართეს", - ჰყვება მაკა ჩიხლაძე.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე".
მომხდარ ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.
ეს დანაშაული ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 5 დეკემბრის მონაცემებით, 70-ს გადასცდა პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა თუ მათზე თავდასხმის ფაქტები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ნოემბერ-დეკემბერში რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული, თუმცა, უცნობია, მოახდინა თუ არა გამოძიებამ სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება.
საქართველოში უკვე კვირაზე მეტია მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა პროევროპულ აქციებზე 300-ზე მეტი პირი დააკავეს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც, ზოგ მათგანს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და ქირურგიული ოპერაციებიც დასჭირდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მათი განმარტებით, ის არის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი
Facebook Forum