ამერიკელმა კონგრესმენებმა მაიკ ტერნერმა და ჯერი კონოლიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
ტერნერი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი და პალატის დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარეა. ჯერი კონოლი კი დემოკრატი კონგრესმენი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც აღინიშნა ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო კომისიის სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნების შესახებ", - წერენ კონგრესმენები.
"26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში წარმოადგენდა ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევრო-ატლანტიკური გზის ერთგული, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ეს არ გააკეთა - კამპანიისას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში დასავლეთის დადანაშაულების რიტორიკით; უცხოეთის აგენტების შესახებ კანონმდებლობით, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვაა; ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ თავდასხმებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობით", - წერენ კონგრესმენები და განმარტავენ, რომ ამ არჩევნებმა საქართველო გაცილებით უფრო დააშორა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
"ფართოდ გავრცელებული წნეხი საჯარო მოხელეებზე, რომ მოქმედი [მმართველი] პარტიისთვის დაეჭირათ მხარი და პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებაზე უარის თქმა არის ავტორიტარული ქმედებები, და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიისგან, რომელიც ოდესღაც იყო საქართველო", -წერენ კონგრესმენები ერთობლივ განცხადებაში.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, კანონმდებლები ამბობენ, რომ ამერიკის გზავნილი მკაფიო უნდა იყოს: "შეერთებილი შტატებისა და ნატოს ქვეყნები დგანან ქართველი ხალხის გვერდით მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით".
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა სენატორი როჯერ უიკერიც, რესპუბლიკელი კანონმდებელი მისისიპიდან. სენატორი ამბობს, რომ ქართველი ხალხი თავისი დემოკრატიული უფლების გამოსაყენებლად არჩევნებზე წავიდა, თუმცა:
"ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა უკონტროლო დარღვევებმა, დაშინებამ, ძალადობამ, ამომრჩეველთა მოსყიდვამ, შედეგები კი მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და ეგზიტპოლების შედეგებისგან და წინა არჩევნებში გამოკვეთილი ტენდენციებისგან", - ამბობს სენატორი უიკერი და დასძენს, რომ ის იზიარებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.
"სამწუხაროდ მოსკოვის მხარდაჭერილი "ქართული ოცნება" როგორც ჩანს ფიქრობს, რომ რუსეთისა და მისი ავტორიტარული ღერძის გვერდით, მათ შეუძლიათ ამერიკასა და საქართველოს დემოკრატიულ მოკავშირეებზე მეტად მომთმენნი იყვნენ, ისინი ცდებიან. ამ არჩევნებზე მანიპულირება არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ეს [შედეგები] შენარჩუნდა, ასევე იქნება ქვეყნის ხანგრძლივი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დასასრული, შესაძლოა მისი სუვერენიტეტისაც. ეს არის საარჩევნო თაღლითობა, და მის არალეგიტიმურ შედეგებს უნდა დავუპირისპირდეთ სიცხადითა და სიმტკიცით. სანამ "ქართული ოცნება" ებღაუჭება ძალაუფლებას მოძალადე ავტორიტარების მეურვეობის ქვეშ, ისინი მოიმკიან უპატივცემულობასა და იზოლაციას, რასაც ისინი ასე ძალიან იმსახურებენ", - წერს რესპუბლიკელი სენატორი.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" ხმათა თითქმის 54% მოიპოვა. ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ბრალდებები მცდარია, მმართველმა პარტიამ არჩევნებში ლეგიტიმურად და დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა და გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.