"პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რაც მასში ნათქვამი იყო და სხვა არაფერს", - ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი. მან განმარტება დღეს, ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა და დასძინა, რომ გრძელდება კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. გამოძიებისკენ მოწოდება კი ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლებას მიემართებოდა.
„ასევე, ჩვენ ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმის შესახებ, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო და შესაბამისი", - თქვა მილერმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარებას, მილერი ამბობს, რომ იმედოვნებს, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს ყველა იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება გამოძიებას გამოადგეს.
"პრეზიდენტმა თავად ისაუბროს თავს თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ასე რომ, იმედი მაქვს, ის წარადგენს ამ ინფორმაციას და ეს რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.
მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ახლა გადახედვის ეტაპზეა, მთავრობისთვის დახმარება 95 მილიონი დოლარის ოდენობით კი - შეჩერებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს "ატლანტიკური საბჭოს" ორი ქართველი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას შესახებაც ჰკითხეს. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ჩამოერთვათ ელექტრონული მოწყობილობები, რამდენიმე დღის შემდეგ კი მათ აღმოაჩინეს, რომ საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღარ აქვთ. თუმცა, მათ კონკრეტული პასუხი საგამოძიებო უწყებებიდან თუ ბანკებისგან ვერ მიიღეს. მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და ორ პირზე არ აკეთებს, მაგრამ მან ადამიანის უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს ვნახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რაიმე გზით არ ირღვევა”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.