ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

SpaceX-მა გიგანტური კოსმოსური ხომალდის ამაჩქარებელი დაიჭირა


SpaceX-ის მეხუთე საცდელი ფრენის დროს, გიგანტური მექანიკური ხელების მეშვეობით, რაკეტის პირველი საფეხურის ამაჩქარებელი გასაშვებ მოედანზე პირველად დაბრუნდა. ეს იყო კომპანიის კიდევ ერთი მოწინავე საინჟინრო მიღწევა თავის მცდელობაში, მთვარეზე და მარსზე წასავლელად მრავალჯერადი გამოყენების აპარატი შექმნას.

რაკეტის პირველი საფეხური, „სუპერ მძიმე“ ამაჩქარებელი, SpaceX-ის ტეხასის სარაკეტო ობიექტიდან გაუშვეს, რომელმაც ხომალდის მეორე საფეხური კოსმოსისკენ გაგზავნა. დაახლოებით 70 კმ სიმაღლეზე, პირველი საფეხური ხომალდს გამოეყო და დედამიწისკენ დაშვება დაიწყო, რაც ფრენის ყველაზე რთული მონაკვეთი იყო.

„სუპერ მძიმე“ ამაჩქარებელმა თავისი 33 ძრავიდან 3 ძრავა ხელახლა ჩართო, რათა შეემცირებინა დაშვების სიჩქარე კოშკისკენ, საიდანაც აფრინდა. გასაშვები კოშკი თავისუფლების ქანდაკებაზე მაღალია (122 მ.) და ზედა ნაწილში ლითონის ორი დიდი „ხელი“ აქვს. 71 მეტრი სიგრძის „სუპერ მძიმე ამაჩქარებელი“ გასაშვები კოშკის „ხელებში“ ჩაეშვა და საჭის ფრთების ქვემოთ განლაგებული პატარა ღეროებით დამაგრდა.

„კოშკმა რაკეტა დაიჭირა“, დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ახალი ტიპის, „დაჭერით დაშვების“ მეთოდი SpaceX-ის უკანასკნელი მიღწევაა კამპანიაში, რომელსაც კომპანია სრულად მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის შემუშავებისთვის წარმართავს. რაკეტა ორბიტაზე მეტ ტვირთს გაიტანს, „ნასასთვის“ ადამიანებს მთვარეზე მიიყვანს და მომავალში მარსს მიაღწევს, რაზეც მასკი ფიქრობს.

თვითონ კოსმოსურმა ხომალდმა, რაკეტის მეორე, ზედა საფეხურმა, საათში 27,354 კილომეტრი სიჩქარით კოსმოსში 143 კილომეტრი იფრინა და ინდოეთის ოკეანეში, დასავლეთ ავსტრალიის ნაპირებთან წყალზე დაეშვა.

XS
SM
MD
LG