ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ღმერთო დაიფარე მეფე" - პუტინს 72-ე დაბადების დღე მიულოცეს


ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მის 72-ე დაბადების დღეს, ზოგიერთი მხარდამჭერი მიესალმა როგორც „მეფეს“. მათ თქვეს, რომ სუკის ყოფილმა ჯაშუშმა, მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოაყენა და უკრაინის ომში დასავლეთზე გამარჯვებას მოუტანს.

პუტინი, რომელიც კრემლის სათავეში 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რვა წელიწადში მოხვდა, სტალინის შემდეგ კრემლის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერია. სტალინი 1953 წელს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პუტინი, რომელსაც დასავლელი ლიდერები ავტოკრატად, მკვლელად და ომის დამნაშავედ მიიჩნევენ, რუსული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემის შემდეგ, რუსეთში უფრო პოპულარული გახდა.

„ღმერთო დაიფარე მეფე“ [რუსეთის იმპერიის ჰიმნის ტექსტი 1833-1917] - დაწერა ულტრა-ნაციონალისტმა რუსმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა, რომელიც დიდი ხანია, რუსულენოვანი და სხვა ტერიტორიების "დიდ რუსულ იმპერიაში" გაერთიანებისკენ მოწოდებით გამოდის, რომელიც მისი თქმით, უკრაინასაც უნდა მოიცავდეს.

რუსეთის ისტორიული ლიდერებისგან განსხვავებით, პუტინს აშკარა მემკვიდრე არ ჰყავს. მრავალი რუსული წყაროს თანახმად, მას არც სერიოზული მეტოქეები ჰყავს.

რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახლა ის ცივი ომის შემდეგ ყველაზე მძიმე დაპირისპირებაშია ჩაბმული დასავლეთთან, რომლის ერთიანი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე, სულ მცირე, 20-ჯერ დიდია.

მოსკოვში ბაზირებული „მინჩენკო კონსალტინგის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსები პუტინს სულ უფრო მეტად ხედავენ როგორც ფიგურას, რომელმაც გლობალური წესრიგის მათ სასარგებლოდ გარდაქმნა შეძლო.

დასავლელმა ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ არ შეიძლება პუტინს ომში გამარჯვების უფლება მიეცეს, რადგან თუ ეს მოხდება, დასავლეთის მტრები გათამამდებიან და შესაძლოა პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას დაესხას თავს. ასეთი მოსაზრება პუტინმა არაერთხელ უარყო.

პუტინის ოპონენტებმა ან რუსეთი დატოვეს, ან მოკვდნენ, ან ჩუმად არიან. რუსული ოპოზიცია თითქმის მთლიანად საზღვარგარეთაა, დაყოფილია და ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შემდეგ, ახალი ლიდერის პოვნა ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG