ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას წელიწადში 4 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია


ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას წლიურად ოთხი მილიონი დრონის წარმოება შეუძლია და სხვა სახის იარაღის წარმოებასაც სწრაფად ზრდის.

კიევში სამშაბათს, უცხოელი იარაღის მწარმოებლების ხელმძღვანელებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ წელს უკრაინამ უკვე 1.5 მილიონი დრონი შეუკვეთა.

2022 წელს რუსეთის შეჭრამდე, უკრაინაში დრონების წარმოება პრაქტიკულად საერთოდ არ ხდებოდა.

იმავე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა თქვა, რომ 2023 წელს უკრაინამ ადგილობრივი იარაღის წარმოება გაასამმაგა და შემდეგ ის მოცულობა ამ წლის პირველ რვა თვეში კიდევ გააორმაგა. ოფიციალურმა პირებმა აბსოლუტური ციფრები - ანუ სულ რამდენი იყო წარმოება გაზრდამდე თუ გაზრდის შემდეგ - არ გაახმოვანეს.

ომის დაწყებიდან 31 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინა ახლა სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, ანუ დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს თავდაცვაზე ხარჯავს, ომს კი ბოლო არ უჩანს.

უკრაინა დიდი მოცულობის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას თავისი დასავლელი მოკავშირეებისგანაც იღებს.

მოსალოდნელია რომ რუსეთი, რომელიც თავის მეზობელზე ბევრად დიდი და მდიდარია, მომავალ წელს სამხედრო ხარჯებს 2024 წელთან შედარებით 25 პროცენტით გაზრდის და დაახლოებით 145 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდაცვის საჭიროებების მკვეთრ ზრდასთან ერთად, უცხოური დაფინანსების სტაბილურად შემცირებას მოელიან. კიევი სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება რაც შეიძლება მეტად გაზარდოს.

პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის სტრატეგიული მიზანია შორი რადიუსის იარაღის ადგილობრივი წარმოება გაზარდოს და შექმნას პირობები, რათა რუსულ ძალებზე ტექნოლოგიური უპირატესობა მოიპოვოს.

XS
SM
MD
LG